დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 9 აგვისტო
“ჩელსი” ზაჰას შეძენას იანვარში შეეცდება
ლონდონის “ჩელსი” ზამთარში ვილფრიდ ზაჰას შეძენას შეეცდება. “ჩელსი” მზადაა “კრისტალ პალასს” 80 მილიონი ფუნტი შესთავაზოს.
ცნობილია, რომ ზაჰას შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ევერტონსა” და “არსენალს” სურდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
როდის დატოვებს იკარდი “ინტერს”?
“ინტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შეიძინა. ბელგიელი ფეხბურთელი მილანურ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. აქამდე ამ ნომრის მფლობელი მაურო იკარდი იყო.
ახლა კიდევ უფრო ნათელია, რომ იკარდი გუნდს დატოვებს. “ინტერს” სურს არგენტინელი მალე გაყიდოს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
“ბაიერნმა” “ინტერთან” შეთანხმებას მიაღწია
იტალიური მედიის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნმა” “ინტერთან” ივან პერიშიჩის იჯარასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
“ბაიერნს” ხორვატი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება მომდევნო ზაფხულში 30 მილიონ ევროდ შეეძლება.
“იუვენტუსი” კუადრადოს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს
Calcio Mercato-ს ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” ხუან კუადრადოს ახალ, 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, შედგება თუ არა შეთანხმება.
კოლუმბიელმა გარემარბმა სერია A-ს გასულ სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ბეილის შესაძენად კლუბები არ აქტიურობენ
esRadio-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის, გარეტ ბეილის შესაძენად კლუბები არ აქტიურობენ.
უელსელი გარემარბის გადაბირებაზე “ტოტენჰემი” ფიქრობდა, მაგრამ ლონდონელებმა აქცენტი ახალგაზრდა ლო სელსოსა და რაიან სესენიონზე გააკეთეს.