დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 9 აგვისტო
ლაკაზეტი “ატლეტიკოში” გადადის
გამომდინარე იქიდან, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი “არსენალში” რჩება, “მეთოფეთა” ხელმძღვანელებმა ალექსანდრე ლაკაზეტს კლუბის დატოვების უფლება მისცეს.
როგორც ცნობილი ხდება, ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერით მადრიდის “ატლეტიკოა” დაინტერესებული. Daily Star-ის ცნობით, “როხიბლანკო” მზადაა, ტრანსფერში 33 მილიონი ევრო გადაიხადონ.
რონალდუ პარიზში გადაბარგებაზე ფიქრობს
“იუვენტუსის” პორტუგალიელი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიგა 1-ში გადაბარგებაზე ფიქრობს. მან უკვე სთხოვა ჟორჟე მენდეშს პარიზელთა სპორტულ დირექტორთან (ლეონარდო) მოლაპარაკებების წამოწყება.
Foot Mercato-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ იმედგაცრუებულია კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგით და თვლის, რომ “პარი სენ-ჟერმენს” მომავალ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშების მოგების უკეთესი შანსები ექნება.
“ჩელსი” სტოუნზის ტრანსფერს უმიზნებს
“მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას მიერ დაწუნებული ჯონ სტოუნზი, უახლოეს მომავალში, მანჩესტერულ ბანაკს ლონდონურში გაცვლის.
როგორც ცნობილი ხდება, ნათან აკეს ტრანსფერის შემდეგ “სიტი” მზადაა სტოუნზი ლონდონის “ჩელსის” მიყიდოს, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ამ ტრანსფერის განხორციელებას. “პენსიონერებს” ინგლისელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.
“ფიორენტინა” პიონტეკის ტრანსფერზე მუშაობს
“ფიორენტინას” ხელმძღვანელები კშიშტოფ პიონტეკის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბერლინის “ჰერტას” წარმომადგენლებთან.
Calciomercato-ს ცნობით, 25 წლის პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერში გერმანული კლუბი 20 მილიონს ითხოვს. “ფიორენტინას” კი არენდა ურჩევნია, გამოსყიდვის უფლებით.
“ბარსელონა” და “ბორუსია” ჰარიტისთვის იბრძვიან
გელზენკირხენის “შალკეს” შემტევი ნახევარმცველი ამინე ჰარიტი დორტმუნდის “ბორუსიას”, “ბარსელონასა” და “ვალენსიას” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
23 წლის მაროკოელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასული სეზონის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლის გატანა შეძლო.
კინგის ტრანსფერისთვის 15 კლუბი იბრძვის
ჩემპიონშიფში დაქვეითების შემდეგ “ბორნმუთს” ვარსკვლავები ტოვებენ. ედი ჰაუსა და ნათან აკეს შემდეგ, “ალუბლებს” ჯოშუა კინგიც დაემშვიდობება.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ფეხბურთელის ტრანსფერით 10 ინგლისური კლუბი და ხუთი უცხოურია დაინტერესებული – მათ შორის “პსჟ”, “ლაციო” და “რომაც”. კინგის ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი დაჯდება.