დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები – 20 ივლისი
“ინტერი” ჯეკოს შეძენასთან ახლოსაა
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის “ინტერი” “რომას” თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს შეძენასთან ახლოსაა. რომაელები მას 20 მილიონ ევროდ აფასებენ.
ჯეკოს შეძენის სურვილი მილანელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს აქვს.
იგუაინი იჯარით “რომაში”?
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსი” გონსალო იგუაინის “რომაში” განათხოვრებას აპირებს.
ცნობილია, რომ ტურინელები არგენტინელ თავდამსხმელთან თანამშრომლობას არ აპირებენ, თუმცა “პიპიტას” “იუვესთან” კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს.
“ატლეტიკო” ერიქსენში 70 მილიონს იხდის
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკომ” “ტოტენჰემს” კრისტიან ერიქსენის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა.
beIN Sports-ის ცნობით, ერიქსენის აგენტს მისი კლიენტის სხვა კლუბში წაყვანა სურს, ფეხბურთელსაც უნდა, რომ ძალები ახალ ლიგაში მოსინჯოს.
პსჟ ნეიმარის შემცვლელად დიბალას განიხილავს
Mirror-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” “იუვენტუსის” ფეხბურთელს, პაულო დიბალას ნეიმარის შემცვლელად განიხილავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბრაზილიელი პარიზელთა რიგებს დატოვებს, მაშინ კლუბი დიბალას შეძენას შეეცდება.
ცნობილია, რომ არგენტინელი შემტევის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.
“იუვენტუსმა” კენს ფასი დაადო
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსი” მოის კენს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
როგორც იცით, ახალგაზრდა თავდამსხმელმა გასულ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მათ შორის კი “ბარსელონაცაა”.