დი მარიამ აგენტს “ბარსელონასთან” მოლაპარაკების დაჩქარება სთხოვა
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია იანვარში შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს.
კატალონიურ გუნდში გადასვლის სურვილი თავად არგენტინელმა ფეხბურთელმა გამოთქვა და აგენტს მოლაპარაკების დაჩქარება სთხოვა. შეგახსენებთ, რომ კლუბები დი მარიას შესაძლო ტრანსფერზე ზაფხულში მსჯელობდნენ, მაგრამ მაშინ მოლაპარაკების პროცესი შეფერხდა. ტრანსფერის ღირებულებამ შესაძლოა, 45 მილიონი ევრო, პლუს 15 მილიონი ევრო ბონუსის სახით შეადგინოს.
“ბარსელონა” ანხელ დი მარიას ფილიპე კოუტინიოს ალტერნატივად მოიაზრებს. თავის მხრივ, პარიზულ კლუბს ფინანსური ფეარ-პლეის მოწესრიგება მართებს, რაც არგენტინელის გუნდიდან გაშვების შესაძლებლობას ზრდის.
თავად დი მარიას ნათქვამი აქვს, მართალია, მადრიდის “რეალში” ვთამაშობდი, მაგრამ ამ გუნდის ფანი არ ვარ და ამ მხრივ ჩემი “ბარსელონაში” გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენსო.