დიდი 10: ძალზედ დრამატული მე-3 ტური
დიდი 10-ის მესამე ტურში ქუთაისში ”ჯიქი” დამარცხდა, ერთპიროვნულად დაწინაურდა ”ლელო”, პირველად მოიგო ”ბაგრატმა”.
ვითარება დაიძაბა: არა, “წითლით” ჯერ არავინ გაუძევებიათ, მაგრამ სინბინებმა იმატა – ამ ტურში 12 “ყვითელი” გაიცა.
ორი მატჩის ბედი წამატებულ წუთებზე, ბოლო შეტევაში გადაწყდა, ქუთაისში კი თამაში 7 წუთით შეწყდა, რაღაი თემიდა “შერკინების უსაფრთხოების” მარად პრობლემურ საკითხში ისევ ჩაიჭრა
გაიმარჯვა დასავლეთის სამივე გუნდმა. აიამ თანა-ლიდერი ჯიქი მიიღო, ვისაც მანამდე მხოლოდ 3 ქულა გაეშვა. მეტოქეებმა ერთ-ურთი ორ-ორჯერ დაალელოვეს, მაგრამ აიამ ხუთით მეტი ჯარიმა შეაგდო 32:17
დიდი 10-ის ახალბედა ბაგრატი შევარდენზე ერთი ხანობა 9 ქულითაც ჩამორჩებოდა არმაზს. ბოლოსკენ ვაზისუბნელები წინ გავიდნენ ნორჩი თენგო პერენიძის რეიდის შემდეგ, მაგრამ ამჩატდნენ, საკუთარი 22-დან შეუტიეს, ბოჭვაზე ბურთი შეაფერხეს და რეზი ჯინჭველაშვილმა ცენტრის გაღმიდან გაუტანათ ჯარიმა 22:21.
არდადეგებზე ტრადიციულად პერსონალ-გადახალისებულმა ბათუმმა სამი სინბინი კი მიიღო, მაგრამ შინ მაინც ძლია ყოჩები. თავისი ყოფილი გუნდი არეკნებით თავიდანვე დააყუმბარა თემო სოხაძემ, მეორე ტაიმში კი ლელოებიც დაიდო 21:10.
ბოლო ოთხი წლის ფალავანი “ლელო სარასენსი” ერთი გოლით აგებდა არმიასთან, ამან ბურთი რომ აართვა, მაგრამ ვერკი მოიგერია. ჰოდა, დიდ-დიღმელებმა ფაზურად შეუტიეს, ხაზზე ჩაათამაშეს ოვალი და ალამთან ეწივნენ მიზანს 15:13
აკადემიამ თითო გოლით სამჯერ გაუსწრო ლოკომოტივს, მაგრამ სამმა სინბინმა დასცადა და 9-გზის ჩემპიონის მორკინალთაგან სამი ლელო მიიღო 25:14
სულ ტურში 19 ლელო დაიდო, რითაც საშუალო მაჩვენებელი კიდევ გაიზარდა ოდნავ – 3.4 გახდა (51/15)
შემდეგი, მეოთხე ტურის მთავარი მატჩი კვირას, 25 სექტემბერს, ოთხზეა ავჭალაში – ლოკომოტივს თვით აია ჩამოაკითხავს
სატურნირო მდგომარეობა
სტატ’მოწინავენი
ქულა (მხოლოდ დამრტყმელები)
33 წიკლაური (ლოკ)
30 ჯინჭველაშვილი (ბგრ)
27 პერანიძე (ამზ)
25 ურჯუკაშვილი (არმ)
23 ხარაზიშვილი (ჯიქ)
20 ბაბუნაშვილი (აია)
19 სოხაძე (ბთმ)
17 აბჟანდაძე (აია)
16 აფრასიძე (ლელ)
15 მათიაშვილი (აკდ)
ლელო
3 ბიწაძე (ჯიქ)
2 გასვიანი (ლოკ), თხელიძე (ბგრ), ნინიძე (ჯიქ), ჩხიკვაძე (ყოჩ), ხმალაძე (ლელ)
საქართველოს რაგბის კავშირი