დიდი 10: ორი მოწინავე10-10 ქულით
დიდი 10–ის მეორე ტურში კვლავ ბონუსებით იმარჯვეს ”ჯიქმა” და ”ლელომ”, მოგება ”აიამაც” ჩაიწერა.
თამაშები ხუთ სტადიონზე მოეწყო. შაბათს “დიდი 10” პირველად ეწვია გორს და ჯიქმა გაახარა ქომაგი – 29:0 დაამარცხა აკადემია.
კვირას ვალში არ დარჩენილა ბოლო ოთხი წლის ფალავანი “ლელო სარასენსი”. მანაც, ჯიქივით, დიდ დიღომში 4–ჯერ დაალელოვა არმაზი 30:9
მოწინავე სამეულს გამოაკლდა 9–გზის ჩემპიონი ლოკომოტივი – ავჭალაში 13 ქულით ჩამორჩა არმიას და ბოლოს ნუგეშსღა დასჯერდა 13:19
კვლავ დაძაბული გამოდგა ქუთაისელთა მატჩები. შაბათს, ბაგრატმა ერთხელ გაუსწრო ბათუმს და მეორე ტაიმში ანგარიშიც გაუთანაბრა, მაგრამ სტუმრებმა გამარჯვების ლელო მაინც გაიტანეს 21:16
აია ყოჩებს შევარდენზე ეწვია, პირველ ტაიმშივე დაწინაურდა, შინ 4 ქულა გაიყოლა 20:15 და მესამე ადგილზე ავიდა.
ტურში 18 ლელო დაიდო, რითაც საშუალო მაჩვენებელმა იმატა – 3.2 გახდა (32/10)
გაიცა მხოლოდ 6 ყვითელი ბარათი, ხოლო სადისციპლინო კომისიას ერთადერთი საქმე გადაეცა, რაც სასიკეთო ძვრების დასტურია.
შემდეგი, მესამე ტურიც ორ დღედ დაიგეგმა ოთხ სტადიონზე, “თამაშთა თამაში” კი კვირას, ქუთაისში, საღამოს ხუთზეა – აია ჯიქს უხვდება!