დიდი მზადება ალბასეტეში – ხვალ ესპანეთი vs საქართველოა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს ანდრეს ინიესტას მშობლიურ ქალაქში ჩაატარებს. ფეხბურთელი, რომელსაც 100-ზე მეტ მატჩი აქვს ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამართული, ალბასეტეს მთავარ სიმბოლოდ ითვლება. მისი სახელი არამხოლოდ ჯანსაღ ცხოვრებასთან, არამედ მხარის საუკეთესო ღვინოებთანაა დაკავშირებული. სწორედ, 29 წლის ფეხბურთელის სახელობის მოედანზე ვარჯიშობს საქართველო 9 ოქტომბრიდან. გუშინ, გუნდმა ამ სავარჯიშო მოედანზე ბოლოჯერ ივარჯიშა.
თემურ ქეცბაიას შემადგენლობა ბოლო ორი კვირის მანძილზე არაერთხელ შეიცვალა. დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარდა, ნაკრებს ტრავმების გამო კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა.
ყველაზე ბოლოს, ესპანეთში შოთა გრიგალაშვილი ჩამოვიდა, რომელსაც ალბასეტეში ჩამოსვლის პარალელურად, შვილი შეეძინა. გუნდმა სრული, 22-კაციანი შემადგელობით ვარჯიში მხოლოდ გუშინ მოახერხა. ყველა ფეხბურთელი სრული მონდომებით ემზადება. სასტარტო შემადგელობის რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის გამო, ყველა საკუთარი შანსის მოლოდინშია. მათ შორის, დებიუტანტებიც და ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ნაკრებში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნდნენ. ესპანეთის ნაკრები ხვალინდელი შეხვედრისთვის მადრიდში მოემზადა. ბელორუსთან მატჩის შემდეგ, გუნდი პირდაპირ მადრიდში ჩავიდა. ალბასეტეში კი, „ფურია როხა“ პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს. მოედანი, სადაც ხვალ შეხვედრა უნდა ჩატარდეს, ადგილობრივი დროით 19 საათზე საქართველოს ნაკრებს დაეთმობა. 20.30 წუთიდან კი, მასპინძლები ივარჯიშებენ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების ჩამოსვლას დიდი მოლოდინი ახლავს. ამ მატჩიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა ალბასეტეში მცხოვრებ ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი საჩუქარი მოუმზადეს. ბოლო წლების განმავლობაში ესპანეთის ნაკრების მიერ მოპოვებულ თასები ჩამოიტანეს და სწორედ, იმ სასტუმროს წინ გამოფინეს, სადაც ფეხბურთელები ცხოვრობენ.
15 ოქტომბერს, ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა სეგუნდადივიზიონის ბე ზონაში მოასპარეზე კლუბის მოედანზე, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური