დიდიე დეშამი და სოციალური ქსელები
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთა მხრიდან სოციალური ქსელის მოხმარებას ლიბერალურად უყურებს, თუმცა ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი იქვე დასძენს, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას გუნდის წევრების მიერ ქსელის ხშირ გამოყენებას არ დავუშვებო.
„ჯერ არ იციან, რა წესებით ვიმოქმედებთ ბრაზილიაში. ყველაფერს მე განვსაზღვრავ. სოციალური ქსელები თითოეული ადამიანის პირადი თავისუფლების ნაწილია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. ქსელში შეიძლება ვინმეს მიესალმო, გამოემშვიდობო, ეს კარგია და არ მაღელვებს, თუმცა არ დავუშვებ არაფრისმომცემ მიმოწერას, რაც გუნდის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს იქნება უპირველესი წესი“, – დეშამის სიტყვებს L’Equipe-ი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად შვეიცარიის, ეკვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები ჰყავს. მუნდიალის დაწყებამდე 23 დღე დარჩა.
ბექა დოგრაშვილი