დიეგო კოსტა: “ანგელოზი არ ვარ”
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ, რომელიც სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, განაცხადა, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა ხასიათს მაინც არ შეიცვლის.
“მატჩის შემდეგ სახლში იმ აზრით მივედი, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია. ჩემი მხრიდან ეს გამიზნული ქმედება არ ყოფილა. სპეციალურად არ მიქნია და ეს ისედაც კარგად ჩანს. მიუხედავად ამისა, დისკვალიფიკაციით დამსაჯეს და ამას უნდა შევეგუო, სხვა გზა არ მაქვს. რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, რომ გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დავეხმარები, თუმცა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, არ ვარ. მე ჩემი სათამაშო სტილი მაქვს. ამით ვარჩენ ოჯახს. მე კლუბისთვის და ფანებისთვის ვთამაშობ. მოედანზე ყოველთვის ასეთი ვიქნები. ასეთი ხასიათი მაქვს, მუდამ ვიბრძოლებ. მოედნის მიღმა სხვანაირი ვარ, მაგრამ მოედანზე არ შევიცვლები”, – დიეგო კოსტას სიტყვები ბრიტანულმა “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დიეგო კოსტამ მერსისაიდელთა ნახევარმცველ ემრე ჯანს ფეხზე დააბიჯა, რაც არბიტრებმა ვერ შენიშნეს, თუმცა გაესპანელებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მაინც მიიღო.