დიეგო მარადონამ სამწვრთნელო კარიერა შესაძლოა, ბელორუსში გააგრძელოს
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა შესაძლოა, ბელორუსში დასაქმდეს. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარადონას ბრესტის “დინამო” ეპატიჟება.
მხარეებს შორის მოლაპარაკება რომ მიმდინარეობს, ამას მარადონას აგენტი სტეფანო სესიც ადასტურებს. შეხვედრა ორშაბათს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის ცნობილი.
“კომენტარის გაკეთება მხოლოდ რამდენიმე დღეში შემეძლება. ბრესტის “დინამოს” ხელმძღვანელობასთან კიდევ არაერთი საკითხი დარჩა გასარკვევი”, – მარადონას აგენტის სიტყვებს “სპუტნიკის” ბელორუსის ბიურო ავრცელებს.
ბრესტის “დინამო” აღნიშნულ საკითხს შემდეგი განცხადებით ეხმაურება:
“ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებთ. როდესაც ჩვენი მხრიდან რაიმე იქნება სათქმელი, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ”.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა ბოლოს “ალ ფუჯაირას” თავკაცობდა.