დიეგო მილიტო კარიერას ზაფხულში დაასრულებს
აველიანედის “რასინგის” თავდამსხმელი დიეგო მილიტო კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს. ამის შესახებ 36 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა თავადვე განაცხადა.
“ჩემი კარიერა ლიბერტადორესის თასის ფინალის დასრულებამდე გაგრძელდება. ჩემი საფეხბურთო თავგადასავალი ივნისში დამთავრდება. სამწვრთნელო კურსის გავლა მინდა. ვნახოთ, რამდენად იქნება ეს ჩემთვის მოტივატორი”, – ციტირებს დიეგო მილიტოს სიტყვებს “ოლე”.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მილიტო თავის დროზე “ჯენოას”, “სარაგოსასა” და მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა.
“ინტერის” რიგებში მილიტომ იტალიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ჩემპიონთა ლიგის 2009-2010 წლების სეზონის ფინალურ მატჩში დიეგო მილიტომ მიუნხენის “ბაიერნის” კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა.