დიეგო ფორლანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. მახსოვს, ტელევიზორში რომ ვუყურებდი ეროვნულ ჰიმნზე ამღერებულ ფეხბურთელებს, გასაოცარი გრძნობა მეუფლებოდა. ვფიქრობდი, რომ ამ ოცნებას მეც ავისრულებდი. ურუგვაის ეროვნული გუნდის მხარდაჭერას მთელი გულით გავაგრძელებ. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი დონე და სულისკვეთება მოედანზე მეჩვენებინა და არა სიტყვების საშუალებით. ურუგვაელ ფეხბურთელებს მე არ ვჭირდები იმის სათქმელად, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების ფორმის ტარება”, – განაცხადა ფორლანმა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო ფორლანი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას ურუგვაის ნაკრებში ჩატარებულ 112 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. 2011 წელს გუნდთან ერთად კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა.