დიეგო სიმეონე — მატჩის შემდეგ თქმული

თარიღი: მაისი 26, 2014

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში დამარცხების გამო სინანული არ ღირს, რადგან წინა ახალი სეზონია, რომელსაც გუნდი ასეთივე შემართებით უნდა შეხვდეს.

„რეზულტატი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. „რეალმა“ მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, ჩვენს ნახევარზე დამკვიდრდა, რასაც ვერ გავექეცით. ფეხბურთი სწორედ ამიტომ არის მშვენიერი. ხალხი ამბობს, რომ მთავარი გამარჯვებაა, თუმცა იმ ადამიანების შემხედვარე, რომლებიც ჩვენ გვქომაგობდნენ, ადასტურებს, რომ სხვა ფასეულობებიც არსებობს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ასეთი თამაშის შემდეგ ცხვირი არ ჩამოეშვათ, რადგან მომდევნო სეზონზე ფიქრი უნდა დავიწყოთ.

ან წააგებ, ან მოიგებ – ამჯერად დავმარცხდით, თუმცა ვიცით, რომ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. ხალხი აფასებს იმას, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ. ეს შემდგომი პროგრესის იმედს გვაძლევს.

დასევდიანებული არ გეგონოთ. უფრო გამწარებული ვარ, რომ მიზანს ვერ მივაღწიე. გამარჯვება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით. ამასაც გადავიტან. მესმის, რომ სხვა

ფეხბურთელებიც მეყოლება და სხვა მატჩებიც მექნება, თუმცა ერთი რამ  უცვლელი დარჩება – შენს საქმეში ძალისხმევა არ უნდა დაიშურო. ცხოვრებაში, ისევე როგორც ფეხბურთში, არსებობს დღეები, როდესაც ყველაფერი გეძლევა, თუმცა მეორე დღეს ვეღარაფერს იღებ. მთავარია, რომ წინსვლა განაგრძო.

დიეგო კოსტას თამაშის გადაწყვეტილება მე მივიღე და აშკარაა, რომ შევცდი, რადგან თავიდანვე მომიწია მისი შეცვლა. ის მოედანზე თავს ისე კარგად ვერ გრძნობდა, როგორც წინა დღეს. რაც არ უნდა იყოს, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და ყველაფერი ნათელი გახდა. არ გვინდოდა, რომ მატჩის დანარჩენი ნაწილი ერთი მოთამაშით ნაკლებს გვეთამაშა.

ქომაგებმა ამ დიდებული სეზონით უნდა იამაყონ. მწუხარებისთვის წამიც არ უნდა დავკარგოთ. ჭრილობები დიდხანს არ უნდა დავიტოვოთ.  მომდევნო სეზონში დავბრუნდებით და ვეცდებით, ნებისმიერი მეტოქისთვის კვლავ საშიში ოპონენტი ვიყოთ.

ახლა იმავე საქმის გაკეთებას ვაპირებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ორშაბათს ახალი სეზონისთვის მზადებას შევუდგებით. ვნახოთ, ვინ მოვა და ვინ წავა. მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ყველა საქმე მოგვარდება, გუნდი შვებულებას გამოაცხადებს. დროის ოჯახთან გატარების და მსოფლიოს ჩემპიონატის ხილვის საშუალება მოგვეცემა. შემდეგ კი ახალი სეზონისთვის მზადების სასიამოვნო შფოთვა შეგვიპყრობს“, – აღნიშნა სიმეონემ.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები