დიეგო სიმეონე “რეალის” ფანებს მადლობას უხდის
“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მოხარულია, რომ მას არამხოლოდ საკუთარი გუნდის, არამედ მადრიდის “რეალის” ფანებიც უჭერენ მხარს.
“მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ, “რეალის” ბევრი ქომაგი მხარს მიჭერს და ჩემ მიერ გაწეულ სამუშაოს აფასებს. ეს განვითარებაში მეხმარება.
ხალხი საერთოს ხედავს ჩვენსა და იმ “ნაპოლის” შორის, რომლის ღირსებასაც მარადონა იცავდა. ეს მოკრძალებული გუნდი ისეთ მეტოქეებს უწევდა კონკურენციას, როგორებიც “ინტერი”, “მილანი” და “იუვენტუსია”. მოკლე დროში აწყობილი გუნდი ვართ და სწორედ ამიტომ მოვწონვართ სხვებს.
იმისთვის არ ვმუშაობ, რომ ხალხმა მაღიაროს. არ ვარ შეპყრობილი იმით, რომ ადამიანების მიერ მოწონებული ფიგურა ვიყო. მე გამარჯვებისთვის ვმუშაობ. მინდა, კონკურენტუნარიანი ვიყო და ფეხბურთელებს განვითარების საშუალება მივცე”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს გაზეთი Clarin-ი.
დღეს “ატლეტიკო” “რეალს” ესტუმრება. მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.