„დილა“ ბოსნიელებთან დამარცხდა
გორელებმა თურქული შეკრების ბოლო ტესტ-მატჩი ბოსნიურ „სარაევოსთან“ გამართეს და 1:0 დამარცხდნენ.
პირველი ნახევარი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და 26-ე წუთზე ველკოსკიმ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0. „დილას“ ფეხბურთელებმა რამოდენიმე ხელსაყრელი მომენტი შექმნეს. რაზმაძემ ორჯერ სცადა ბოსნიელთა კარის აღება, თუმცა ორივეჯერ მეკარემ აჯობა, ასევე კოშკაძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, თუმცა მიზანს ოდნავ ააცდინა.
მეორე ტაიმი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. კოშკაძის საჯარიმო დარტყმა ძელმა იხსნა, ხოლო დამატებაზე ფაქტიურად ცარიელ კარში თომაშვილმა ვერ შეძლო გატანა. ასევე გურეშიძეს და შენგელიას ჰქონდათ ძალზედ კარგი შესაძლებლობა ანგარიშის გათანაბრების, თუმცა სათანადოდ ვერ გამოიყენეს. მატჩის მიწურულს კი სადაღაშვილის დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა „სარაევოს“ გამარჯვებით დასრულდა.
ეს „დილას“ ბოლო ტესტ-მატჩი გახლდათ თურქულ შეკრებაზე. გუნდი 14 თებერვალს სამშობლოში გამოემგზავრება.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, რაზმაძე, კორღალიძე, კოშკაძე, შალამბერიძე, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ლეგაშვილი, გაფრინდაშვილი, გურეშიძე, წიქარიძე, შენგელია, ახალკაცი, სადაღაშვილი.
„დილას“ პრესსამსახური