“დილა” – “დინამო”: ფრე და ჩხუბით დასრულებული მატჩი გორში (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა: გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ერთმანეთს ადგილობრივი “დილა” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. მას საგოლე გადაცემა ოთარ კიტეიშვილმა გაუკეთა. თუმცა, დედაქალაქელებს ცხრა წუთში ლევან ნონიკაშვილმა უპასუხა. ამ შემთხვევაში ასისტენტის როლში გიორგი ფანცულაია მოგვევლინა. საგულისხმოა, რომ მეორე ნახევარში 75-ე წუთზე ლუკა რაზმაძემ მეტოქეზე უხეში თამაშის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “დილა” ათი კაცით დარჩა. მატჩის მიწურულს, როცა დედაქალაქელთა მეკარემ, დემეტრე ბულისკირიამ ბურთი ხელებში აიღო, მასთან ორთაბრძოლაში შესულმა მიკოლა კოვტალიუკმა ფეხი განძრახ მიარტყა გაზონზე დაწოლილ მეკარეს. ამას მოჰყვა ლაშა თოთაძის მოთხოვნა, რომ კოვტალიუკს კიპერისთვის ბოდიში მოეხადა. ფეხზე წამოდგომის შემდეგ, დემეტრემაც გაიწია გორელთა თავდასხმელზე. საბოლოოდ, თოთაძემ მეორე ყვითელი და გაძევება დაიმსახურა, ხოლო ბულისკირიამ და კოვტალიუკმა ასევე ყვითლები მიიღეს.
საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ შეხვედრის შემდეგ “დილას” 16 ქულა აქვს და მეოთხე საფეხურზეა, ხოლო, “დინამოს” 19 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციაზეა.