“დილა” “დინამოების” ბედს განაგებს – ზედიზედ 4 მშრალი მოგება!
დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის 2 შეხვედრა გაიმართა და ერთმანეთს საუკეთესო 4-ეული დაუპირისპირდა. “ლოკომ” ბათუმის “დინამო” მიიღო, “დილამ” თბილისის “დინამო”.
საგურამოში მატჩი ფრედ დასრულდა, ბათუმელებმა მიმდინარე სეზონში ბევრჯერ დამარცხებულ “ლოკომოტივს”, ამჯერად, ვერ მოუგეს და “დინამო თბილისს” შანსი მისცეს სხვაობა 2 ქულამდე შეემცირებინა.
თავის მხრივ, “დილამ” “დინამოს” არაფერი დაუთმო და ირაკლი ბიძინაშვილის ერთადერთი გოლით 3 ქულა ჩაიწერა, კარი მშრალად შეინახა, “დინამოსთან” 4 ქულამდე შეამცირა განსხვავება და ბათუმს პრაქტიკულად ჩემპიონობა გაუნაღდა.
გორმა ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო, თანაც არცერთში გოლი არ გაუშვია. გაიტანა 10 უპასუხო ბურთი.
თუ გათამაშების ცხრილს გადავხედავთ, ბოლო შეხვედრაში გამარჯვება მხოლოდ “დილას” აქვს მოპოვებული.
ხვალ “შუქურა” “ტორპედოს” უმასპინძლებს და საბოლოოდ გაირკვევა, რომელი გუნდი დაიკავებს მე-9 თუ მე-8 ადგილს. “სამტრედიას” ბოლო შანსი აქვს “სამგურალთან” მოგებით ბოლო პოზიციიდან თავის დაღწევისკენ ერთი ნაბიჯი გადგას, “თელავი” კი “საბურთალოს” ძლევით, შესაძლოა, მე-6 ადგილზე აღმოჩნდეს, “საბურთალომ” კი “ლოკომოტივს” გადაასწროს.