“დილამ” “ჩიხურა” დაამარცხა
როგორც გუშინ დავაანონსეთ, დღეს გორის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა ამხანაგური მატჩი გორის „დილასა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და შეხვედრის დაწყებიდან მალევე გოლიც გავიდა. დავით რაჟამაშვილმა მე-14 წუთზე სტუმართა კარი დალაშქრა – 1:0. დარჩენილი წუთებიც გორელთა კარნახით მიმდინარეობდა და იყო რამოდენიმე ხელსაყრელი მომენტიც, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოხერხდა.
მეორე ნახევარში რამაზ სოღოლაშვილმა შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, რასაც გორელთა სათამაშო უპირატესობა არ შეუცვლია. 55-ე წუთზე რაჟამაშვილმა ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა – 2:0. თუმცა 67-ე წუთზე სტუმრებმა საბა ლომიას წყალობით ერთი ბურთის გატანა შეძლეს – 2:1. ამის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ გოლის გატანა, სადაც უფრო ახლოს მიზანთან ჩვენი გუნდი იყო. თენგო წიქარიძის კარგი თამაშის შემდეგ, ნიკოლოზ სადაღაშვილმა ცოტა მოუხერხებელი სიტუაციიდან ვერ შეძლო გოლის გატანა. საბოლოოდ „დილამ“ დამსახურებულად მეტოქეს 2:1 ძლია.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, თომაშვილი, კვახაძე (კაპ.), ჯიშკარიანი, რაზმაძე, კოშკაძე, შალამბერიძე, რაჟამაშვილი, კორღალიძე, გოგინაშვილი.
მეორე ნახევარში ითამაშეს: ლეგაშვილი, გურეშიძე, სადაღაშვილი, კვარაცხელია, ქებურია, ახალკაცი, წიქარიძე, გაფრინდაშვილი, აფხაზავა, გოროზია.
„დილას“ პრესსამსახური