„დილამ“ პირველი სპარინგი პოლონურ „იაგელონიასთან“ ფრედ დაასრულა
როგორც მოგეხსენებათ, 29 იანვარს გუნდმა უცხოური შეკრებისთვის გეზი თურქეთისაკენ აიღო.
31 იანვარს კი გორელებმა პირველი სპარინგ-მატჩი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი „იაგელონია“ გახლდათ, რომელიც ამჟამად 16 გუნდიან ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფება. ამ ტურნირზე გუნდის უმაღლესი შედეგი მეოთხე ადგილია, თუმცა არის პოლონეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მრავლად იყო ორთაბრძოლები, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს. გარდა გატანილი გოლისა, გორელებს კიდევ ოთხჯერ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება. თითოჯერ მოდებაძემ და თექთურმანიძემ გუაშვეს შანსი ხელიდან, ფალავანდიშვილმა კი ორჯერ ვერ გამოიყენა ასეთი შესაძლებლობა.
ამ მატჩში ანგარიში გორის „დილამ“ გახსნა. 32’-ე წუთზე სტუმართა გუნდის მეკარის გადაცემა გიორგი ერისთავმა ჩაჭრა და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა – 0:1.
ტაიმის მიწურულს პოლონელებმა ანგარიში გაათანაბრეს, გოლის ავტორი „იაგელონიის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი კეროლ სვიდერსკი გახლავთ – 1:1.
63’-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მორიგი უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს, თუმცა მოლაპარაკების შედეგად მათ 11 კაცით გააგრძელეს თამაში.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ 3 თებერვალს გერმანიის რეგიონალლიგის ერთ-ერთ ბინადართან გამართავს.
„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიგინეიშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, თექთურმანიძე, კვეკვესკირი, ერისთავი, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, ხიდეშელი, გვალია, მელქაძე, სეთურიძე, გორელიშვილი, ახალკაცი.
გოლები: ერისთავი (32’) 0:1, სვიდერსკი (45’) 1:1.
„დილას“ პრესსამსახური