„დილამ“ სეზონი მოგებით განაახლა
ქუთაისში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება, სადაც „დილა“ ადგილობრივ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და დამსახურებულად 2:1 გაიმარჯვა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი ქუთაისელებმა მე-19 წუთზე შექმნეს, როდესაც ირაკლი ლექვთაძე პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა დასარტყმელი ზონა შეუზღუდეს და საბოლოოდ ბურთი მიზანს ააცდინა. კიდევ ერთი მომენტი საჯარიმო დარტყმას მოყვა, როდესაც ჩიკვილაძის ზუსტი დარტყმული შეყრილაძემ ნახტომით მოიგერია და იხსნა საკუთარი გუნდი. ამის შემდეგ, სათამაშო უპირატესობა გორელებმა იგდეს ხელთ, ჯერ კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა ააცილა მიზანს, ხოლო შემდეგ კოშკაძე მეტოქის საჯარიმო ხაზიდან შეეცადა ანგარიში გაეხსნა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
36-ე წუთზე კოშკაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი მეტოქის კარის სიახლოვეს ჩაკიდა, სადაც გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ ყველას დაასწრო და ზუსტი დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა – 0:1. ტაიმის მიწურულს ალექსანდრე კოშკაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა მახვილი კუთხიდან როინ კვასხვაძემ დარტყმულის მოგერიება შეძლო.
უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მსვლელობა ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარეობდა, რაც თამაშის ხარისხს დაღს ასვამდა. ასევე ორივე გუნდის თავკაცს პირველ ნახევარში ორ-ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა, ვინაიდან ტრავმა მიიღო კობა შალამბერიძემ, რომელიც ნიკა სადაღაშვილმა შეცვალა, ხოლო შემდეგ თვითონ ნიკას მოუწია ტაიმის ბოლოს მოედნის დატოვება ამავე მიზეზით და ის კორღალიძემ ჩაანაცვლა. ასევე მასპინძელთა მხრიდან დაზიანება მიიღეს ლექვთაძემ და მამასახლისმა.
მეორე ნახევარი კვლავ ჩვენი გუნდის კარნახით წარიმართა და დასაწყისშივე კვარაცხელიას მეკარესთან პირისპირ დარჩენილს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა კვასხვაძემ ამის საშუალება არ მისცა. მალევე მან კიდევ ერთხელ ცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა მახვილი კუთხიდან სულ მცირედით ააცდინა.
დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც რამაზ სოღოლაშვილს კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. გულვერდ თომაშვილმაც ტრავმა მიიღო და მისი მოედნიდან გაყვანა საკაცით მოუხდათ. მის ნაცვლად ქარქუზაშვილი შევიდა მოედანზე.
83-ე წუთზე ლევან კორღალიძემ მცველს ბურთი მოპარა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ოსტატურად შეაგორა ბურთი ბადეში – 0:2. საბოლოო სიტყვა კი ქუთაისელებმა თქვეს. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე კვერნაძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და საფინალო შედეგი დააფიქსირა – 1:2.
მომდევნო მატჩს „დილა“ უკვე ეროვნულ ჩემპიონატში საკუთარ სტადიონზე გამართავს, სადაც მეხუთე ადგილზე მყოფ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლებს.
გუნდების შემადგენლობები
„ტორპედო“: კვასხვაძე (კაპ.), გელაშვილი, სავჩენკოსი, ადამაძე, თოდუა, ელიავა (ჭედია 69’), მამასახლისი (ჩადუნელი 44’), ჩიკვილაძე, ლექვთაძე (მარკოზაშვილი 35’), კვერნაძე, მ. ღონღაძე.
სათადარიგო: ადამია, გოგიჩაიშვილი, მარკოზაშვილი, ჭედია, ჩადუნელი, ხარაბაძე, ღვიტიძე.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
„დილა“: შეყრილაძე, კვახაძე (კაპ.), თომაშვილი (ქარქუზაშვილი 82’), ჯიშკარიანი, ორბელაძე, რაზმაძე, გურეშიძე, შალამბერიძე (სადაღაშვილი 32’, კორღალიძე 43’), რაჟამაშვილი, კოშკაძე, კვარაცხელია.
სათადარიგო: ლეგაშვილი, სადაღაშვილი, გაფრინდაშვილი, კორღალიძე, ქარქუზაშვილი, ბერიაშვილი, შენგელია.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.
გოლები: კვახაძე (36’) 0:1, კორღალიძე (83’) 0:2, კვერნაძე (91’) 1:2.
გაფრთხილებები: გურეშიძე (58’), კვარაცხელია (78’).
მთავარი არბიტრი: ხარიტონაშვილი.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ სოღოლაშვილი: „თამაშმა საინტერესოდ ჩაიარა და ვთვლი რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და შევინარჩუნეთ უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიწია სამი იძულებითი ცვლილების განხორციელება.
რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. მათ მხოლოდ ყურადღება ჭირდებათ, რათა დაიბრუნოს თავისი ტრადიციული სახელი ქართულ ფეხბურთში. ჩვენს ბიჭებს და მხარდამჭერებს მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო ეს გამარჯვება, თუმცა არ გვავიწყდება, რომ ეს დაპირისპირება ორრაუნდიანია და მოვლენებს წინ ჯერ არ გავუსწრებთ. დაველოდებით საპასუხო მატჩს და ვფიქრობ, რომ ერთი თვის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გუნდი ეყოლება ქუთაისს და კიდევ უფრო გაგვიჭირდება გამარჯვების მიღწევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უპირატესობას ამ ეტაპზე უკვე ვფლობთ.
მომავალი მატჩი „გურიასთან“ გვაქვს და გეტყვით, რომ ყველა გუნდი ახალი შეკრებიალია და აქედან გამმომდინარე თანაბარი შანსებია. ლანჩხუთელები ალბათ ყველაფერს გააკეთებენ წარმატების მისაღწევად და ჩვენც რამოდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება აქ მიღებული ტრავმების გამო, რაც საქმეს გვირთულებს. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ მობილიზება და ის ფეხბურთელები დავაყენოთ, ვინც ამ თამაშისთვის დაგვჭირდება. საერთო ჯამში საინტერესო და დაძაბულ თამაშს ველი.“
ალექსანდრე კვახაძე: „პირველი თამაში გვქონდა და ყოველთვის ძნელია გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ყველა მოსაგებად გავედით მოედანზე და მიზანსაც მივაღწიეთ. ყველაფერი მაინც საპასუხო მატჩზე გაირკვევა, თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავალთ.“
ლევან კორღალიძე: „ველოდებოდით რომ რთული თამაში გვექნებოდა და ასეც მოხდა. რაც შეეხება ჩემს დებიუტსა და გოლს, ძალიან სასიხარულოა ყველა ფეხბურთელისთვის, როდესაც დებიუტშივე თამაშობ კარგად და იტან გოლს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან იგრძნობოდა სტადიონზე მათი მხარდაჭერა. ვფიქრობ ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი, რაც ძალზედ სასუხარულოა ჩემთვის.“
„დილას“ პრესსამსახური