დინამო 0:1 ვორსკლა
თურქული შეკრების მეხუთე დღეს დინამოელებმა დილით ივარჯიშეს და საღამოს უკრაინის პრემიერლიგის კლუბთან, პოლტავის ვორსკლასთან სპარინგი გამართეს. შეხვედრა უკრაინელეთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩი კოკისპირულ წვიმაში მიმდინარეობდა. შეხვედრის, განსაკუთრებით პირველი ტაიმი მაღალ ტემპში წარიმართა. მე- 7 წუთზე მეტოქის პირველი და უკანასკნელი დარტყმა დინამოელთა კარის ჩარჩოში შედეგიანი გამოდგა. გოლი მიშჩენკოს ანგარიშზეა. დინამოელები პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე ფლობდნენ ბურთს და ინიციატივას. მე- 16 წუთზე მანუელი ურტყავდა თავით ახლო მანძილიდან, მაგრამ დარტყმა ძლიერი არ გამოვიდა და მეკარე ადგილზე დახვდა ბურთს. ზუსტად 5 წუთში იმავე მანუელმა კარგად ითამაშა მოედნის ცენტრში, მოპარა ბურთი მოწინააღმდეგეს, მეორე მცველს სისწრაფეში აჯობა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ რეალური საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. უპირატესობის მიუხედავად დინამოელებს გატანის რესლური შანსი მხოლოდ 87- ე წუთზე მიეცათ, მაგრამ ჯიღაურის დარტყმის შემდეგ მეკარემ აკრობატული ნახტომით იხსნა საკუთარი გუნდი. მეორე ნახევარში გატანის ერთი შესაძლებლობა უკრაინელებსაც ჰქონდათ. დინამოელთა რიგებში არ უთამაშიათ ჭანტურიას და თოთაძეს, კახი გოგიჩაიშვილმა მათ დასვენების საშუალება მისცა. ტრავმის გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა დღევანდელ მატჩში ჩირგაძემ, შერგელაშვილმა და პაპუნაშვილმა. კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს რენე ფერეირა.
დინამო: ჰრდლიჩკა (დაუშვილი 46), კაკაბაძე, ბუკორაცი, გველესიანი, ტაბატაძე, გუგა (ლობჟანიძე 46), ჯანელიძე (ჯიღაური 62), პარუნაშვილი (ცინცაძე 62), კიტეიშვილი (უგულავა 67), ჭანტურიშვილი (ჯაფიაშვილი 75), მანუელი (მიქელთაძე 62)