დინამო ბათუმი VS დინამო თბილისი – ყველაფერი რაც უნდა იცოდე მატჩის წინ

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. ბათუმის “დინამო” 20:00 საათზე თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს და გამარჯვებული ჩემპიონატს ერთპიროვნულად ჩაუდგება სათავეში.
ბათუმელებს ტრავმირებული ჯაბა ჯიღაური დაუბრუნდა, კვლავ ლაზარეთში არიან ნიკოლოზ საბანაძე, გურამ ადამაძე და გიორგი ილურიძე.
თბილისელებს დისკვალიფიცირებული ნოდარ ქავთარაძე ვერ დაეხმარება. “სიონთან” გუნდს ლევან კუტალია არ ჰყავდა, თუმცა ელიგის საუკეთესო ბომბარდირმა (17 გოლი) ვარჯიში გაანახლა და შესაძლოა, ჩისკომ ის თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც დააყენოს. აუცილებლად მეტ დროს მიიღებს იტალიიდან დაბრუნებული ლევან მჭედლიძე.
ურთიერთშეხვედრები
მიმდინარე სეზონში კლუბები ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ და 2-ჯერ ბათუმმა (3-2, 1-0) მოიგო, ერთხელ თბილისმა (2-1).
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 57 მატჩიდან 40- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 9 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 119/50 თბილისელთა სასარგებლოდ.
საინტერესო ფაქტები
დღევანდელ შეხვედრას რუმინული სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი მარსელ ბირსმანი იქნება, ასისტენტები ვლადიმირ ურზიკა და მირკა გრიგორიუ იქნებიან. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი.
გიორგი ნავალოვსკის, ლევან გეგეჭკორს, ჯაბა ჯიღაურს, ლადო დვალიშვილს, ნიკა საბანაძეს, გიორგი ილურიძეს და გიორგი ჯანელიძეს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში “დინამო არენაზე” უთამაშიათ. საპასუხოდ, მხოლოდ მათე კვირკვია ყოფილა “ანგისას” ბაზაზე.
Transfermarkt “დინამო თბილისის” შემადგენლობას 6.58 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საუკეთესო შედეგია. “დინამო ბათუმს” 4.58 მილიონად და მე-2 ადგილზე აყენებს.
ორივე კლუბს 61-61 ქულა აქვს და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობიდან გამომდინარე, თანაბარი ქულების შემთხვევაში წინ ბათუმი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობა
დინამო ბათუმი: ალავიძე – გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე – ჯიღაური, რამოსი, ფლამარიონი – დვალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო თბილისი: პერალესი – იაშვილი, კაპლიენკო, მონხილი, ქიმაძე – პაპავა, ნინუა, კუხიანიძე, დაფე, შულაია – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
ფოტო: FCdinamoTbilisi