ბათუმის “დინამოს” მთავარი პრობლემა – რა უნდა შეცვალოს გეგუჩაძემ?
ბათუმის “დინამო” 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩემპიონი პირველად გახდა და ეს ყველაფერი დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე მოხდა.
გუნდს ჰყავს საკმაოდ სოლიდური მეკარე ლაზარე კუპატაძე, მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, რომლებთაც ძალიან ბევრი მსურველი ჰყავთ.
ნახევარდაცვაში უკვე ნაკრების წევრები და კანდიდატები სანდრო ალთუნაშვილი, ლადო მამუჩაშვილი და ჯაბა ჯიღაური. პლუს ტეიდი, მანჯგალაძე და გაფრინდაშვილი.
თავდასხმის ხაზში კი ჯოვინო და ფანცულაია, მაგრამ “დინამოს” მთავარი პრობლემა, რაც სეზონის განმავლობაში მოუგვარებელი და მთავარი თავსატეხი დარჩა, ცენტრალური დაცვაა.
“დინამოში” 4 ცენტრალური მცველი ირიცხება – მამუკა კობახიძე (კაპიტანი), ოლექსანდრ აზაცკი, მალხაზ გაგოშიძე და გაგი მარგველაშვილი. 4-ვე მათგანი საკმაოდ მოუქნელი და ნელია. “ტორპედოში” ძალიან სტაბილური აზაცკიც ბევრ შეცდომას უშვებდა, გამოცდილი კობახიძე კი ზედმეტად იბნეოდა. მართალია, “დინამომ” ყველაზე ცოტა (27) გოლი გაუშვა ეროვნულ ლიგაში, მაგრამ ამ დაცვით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაგრად გაგვიჭირდება.
ბათუმში 30 წლის ნიგერიელი გოდფრი ობოაბონა ირიცხებოდა ნიგერიის ნაკრებში 44 მატჩით, მაგრამ ფორმა ვერ აღიდგინა და კლუბიც დატოვა. საჭიროა, გამოცდილი ლეგიონერი, რომელიც დაცვის ცენტრის ლიდერობას თავის თავზე აიღებს და რთულ სიტუაციებში დაძაბულობას განმუხტავს. ამ კუთხით ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რომელიც დღესაც კარგ ფორმაშია და ლიდერობაც შეუძლია.
4 ამჟამინდელი მცველიდან “დინამოს” მინიმუმ 2 მათგანი დატოვებს და სხვა ქართული გუნდებიდან შევსება ნაკლებად მოსალოდნელია. საინტერესო იქნებოდა “გაგრას” დუეტის, გია ჩადუნელისა და ლუკა ნოზაძის ვარიანტის განხილვაც.