“დინამო ბათუმმა” ჯოვინო ფლამარიონი უნდა გაყიდოს!
“დინამო ბათუმის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონია, რომელსაც ეროვნულ ლიგაში 102 მატჩი აქვს ჩატარებული და 47 გოლი გატანილი.
ჯოვინო “დინამოში” 2017 წლიდან ირიცხება და უდიდესი წვლილი შეიტანა ჯერ კლუბის ეროვნულ ლიგაში დაწინაურებაში, შემდეგ კი მის ვიცე-ჩემპიონობაში.
გასულ წელს ფეხბურთელი რუსულ “როტორში” იყო განათხოვრებული, გუნდის ლიდერიც გახდა და საუკეთესოდ ასპარეზობდა, მაგრამ “როტორი” პრემიერ ლიგიდან გავარდა და ბრაზილიელიც ბათუმში დაბრუნდა.
“დინამოს” პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განცხადებით, “როტორს” ფლამარიონის გამოსყიდვის შემთხვევაში 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.
საუბარი იყო ყაზახურ “ასტანაზე”, რომელიც მზად იყო 2 მილიონი გაეღო.
ბერიძემ მოკლე პერიოდში დიდ ფულზე უარი თქვა, მოთამაშე ევროტურნირებისთვის დაიხმარა, მაგრამ ფაქტია, ჯოვინო სათანადოდ ვერ დაბრუნდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა და ბოლო პერიოდში ვერც ელიგაში ბრწყინავს. 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, როცა წასვლამდე 8 შეხვედრაში 4 ბურთი ჰქონდა, 2019 წელს კი 30-ში 17.
ეს ყველაფერი მის სატრანსფერო ფასზეც აისახა და 1 ოქტომბერს მისი სატრანსფერო ღირებულება 200 ათასი ევროთი შემცირდა – 700 ათასამდე.
ჯოვინოს ნაკლები სურვილი ეტყობა საქართველოში თამაშის და დროა, მისი გაყიდვით “დინამომ” კარგი თანხა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თანამემამულე გაბრიელ რამოსის ბედი გაიზიაროს, რომელმაც ბათუმი ყოველგვარი თანხის სანაცვლოდ დატოვა და ბელარუსში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.