„დინამო“ ისევ დამარცხდა, „დილამ“ მცხეთაში ვერ მოიგო
საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტური საინტერესო შედეგებით დასრულდა.
შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკი“ ფოთის „კოლხეთს“ შეხვდა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა, ხოლო ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის აჭარული დერბი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა.
დღეს კი, ცენტრალური მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც „ჩიხურამ“ თბილისის „დინამო“ მიიღო. ამ მატჩის წინ მასპინძლებმა „სამტრედიასთან“ 0:1 წააგეს, „დინამომ“ კი შინ „გურიას“ ანგარიშით 1:2 დაუთმო.
საბოლოოდ, 44-ე წუთზე თორნიკე მუმლაძის ერთადერთი გოლის წყალობით, მატჩი „ჩიხურას“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მომენტები მრავლად არ ჰქონია. როგორც საჩხერლებმა, ისე თბილისელებმა ზუსტად კარის მიმართლებით მხოლოდ ორჯერ დაარტყეს.
ამ გამარჯვებით „ჩიხურამ“ 22 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აიწია. „დინამო“ 29 ქულით პირველ ადგილზე მხოლოდ იმის წყალობით დარჩა, რომ გორის „დილამ“ გასვლაზე „ვიტ-ჯორჯიას“ დამარცხება ვერ მოახერხა – „მცხეთა პარკზე“ შემდგარი შეხვედრა საინტერესო გამოდგა და ანგარიშით 2:2 მორჩა, რითაც გორელები დინამოელებს ქულით მიუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ 3 ქულა ამ ტურში სამეულის კიდევ ერთმა წევრმა ვერ მოიპოვა – მარტვილის „მერანისა“ და „სამტრედიას“ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამჟამად სამტრედიელებს 25 ქულა აქვთ.
სხვა შეხვედრების შედეგები:
„ტორპედო“ – „მეტალურგი“ 0:1
„ზუგდიდი“ – „ზესტაფონი“ 0:0
„გურია“ – „სიონი“ 0:0
ამით 2014 წელს გუნდებმა ეროვნულ ჩემპიონატში თავისი ბოლო მატჩები ჩაატარეს. მიმდინარე წელს გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ ვინ გახდება სუპერთასის გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს სუპერთასისთვის ერთმანეთს კვლავ თბილისის „დინამო“ და „ჩიხურა“ შეხვდებიან. შარშან სუპერთასზე ამ გუნდების დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე საჩხერელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო მაისში თასის ფინალი „დინამომ“ 2:1 მოიგო.