“დინამო”: კახი კაჭარავას გუნდი არ დაუტოვებია
ქართულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას კახი კაჭარავას თბილისის “დინამოდან” წასვლის შესახებ გუნდში არ ადასტურებენ.
გუშინ “დინამო” საქართველოს თასის ნახევარფინალში 1-0 დამარცხდა მე-2 ლიგელ “გაგრასთან” და რამდენიმე საათში კაჭარავას გადადგომაზე რამდენიმე გამოცემამ დაწერა. ასევე, გამოქვეყნდა კლუბის მფლობელის, რომან ფიფიას კომენტარი, რომელიც კლუბში კვლავ აპირებს ცვლილებების განხორციელებას.
კაჭარავამ “დინამოდან” წასვლა მანამდეც განიზრახა, თანაც ორჯერ, თუმცა ხელმძღვანელობის თხოვნით, თბილისელთა რიგებში დარჩა და როგორც ჩანს, გუშინაც ასე მოხდა.
კახიმ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 2017 წელს ჩაიბარა და გასულ წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა. წელს გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირველივე შემხვედრთან გამოვარდა, ჩემპიონატში კი მე-2 პოზიციას იკავებს და “საბურთალოსთან” დაწევის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. კლუბს წლების განმავლობაში გამორჩეული ფეხბურთელები ტოვებენ და შემდგომ მხოლოდ ახალგაზრდა მოთამაშეების იმედზე რჩებიან.