“დინამოს” პირველი საშინაო მარცხი
მალხაზ ჟვანიას პირველი საშინაო შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. თბილისის “დინამომ” მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი მარცხი განიცადა. “დინამოელებმა” თბილისური დერბი წააგეს “ვიტ ჯორჯიასთან”.
შეხვედრის პირველ ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. “დინამოს” უფრო მეტი საგოლე მომენტი კი ჰქონდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მასპინძლებს მსაჯთან ჰქონდათ პრეტენზიები. მთავარმა არბიტრმა ჯერ გოლი არ ჩათვალა, რომელიც საჯარიმოში ბრძოლას მოჰყვა, შემდეგ კი საკამათო სიტუაციაში პენალტი არ დანიშნა. თავის გამოჩენის შანსი “ვიტელებსაც” ჰქონდათ. გიორგი ჯანელიძის გარღვევას დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ლორიამ შესძლო რთული ბურთის მოგერიება.
მეორე ნახევარში სტუმრებმა უკან დაიხიეს. “დინამო” ტერიოტრიულ უპირატესობათ დაეუფლა, მაგრამ “ვიტელები” ძალიან კარგად იცავდნენ თავს და თავის შანსსაც ელოდებოდნენ. შანსი სტუმრებს 89 წუთზე მიეცათ, რაც მათ მშვენივრად გამოიყენეს. სტანდარტიდან ჩამოწოდებულ ბურთს კასრაძე გამოეხმაურა და თავით გადაგზავნა “დინამოს” კარში.
დარჩენილ დროში მასპინძლები მთელი გუნდით გადავიდნენ შეტევაზე, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი შექმნეს.
მალხაზ ჟვანიას გუნდმა მთლიანობაში ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა და დაფიქსირებული შედეგი ლოგიკურიც იყო.
მატჩის შემდეგ:
ზურაბ ბერიძე – რთულ თამაშს ველოდით და ასეც გადმოდგა. იქიდან გამომდინარე, რომ დინამო ძალიან კარგი გუნდია და ახალი მწვრთნელი ჰყავს, ეს ახალ სტიმულსაც მატებდა ჩვენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას, ბიჭებმა თითქმის ყველა ის დავალება შეასრულეს, რომელიც მატჩამდე მივეცით. კმაყოფილი ვარ, შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც.
მალხაზ ჟვანია – პირველ რიგში მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაში დინამოელების მხრიდან არ იგრძნობოდა ბრძოლის ჟინი, მონდომება. დაუშვებელია მეტოქის შეუფასებლობა. მოედანზე თუ ბოლომდე არ იბრძოლე გამარჯვებას ვერ მიაღწევ. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა.
“დინამო თბილისი” 0-1 “ვიტ ჯორჯია”
გოლი: კასრაძე 89′
“დინამო”: ლორია, ხურცილავა, შაშიაშვილი, კვარაცხელია, კვირკველია, გრიგალაშვილი, პაპავა, გოგა (მერებაშვილი 55′), გრიგალაშვილი (პაპუნაშვილი 85′), ჩისკო, ვუო (დვალი 68′)
“ვიტ ჯორჯია”: დაუშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე, კორიფაძე, ადამაძე, კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 56′), მჭედლიშვილი, მაისურაძე, სიჭინავა (ღიბრაძე 86′), წყაროზია, (დავლაშელიძე 77′) ჯანელიძე
ფოტო: fcdinamo.ge