“დინამო თბილისის” საუკეთესო ტრანსფერი – ზორან მარუშიჩი!
“დინამო თბილისმა” ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლო და იმ ფეხბურთელებზე მოუწია დაყრდნობა, რომლებიც სეზონის წინ დაიმატა. მათ შორის, ერთ-ერთი ლეგიონერი, სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩია.
მარუშიჩი “დინამოში” ბელარუსული “ნემანიდან” გადმოვიდა და ეროვნულ ლიგაში 21 მატჩში 9 გოლი შეაგდო. ზორანმა “დინამო ბათუმთან” პირადად შეუსრულა გაგი მარგველაშვილს და გოლი გაიტანა. გუშინდელ შეხვედრაში მარუშიჩმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით თბილისელთა მხრიდან ერთადერთი ბურთი დადო.
შეიძლება ითქვას, ზორანს “დინამოში” კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. 9 გოლს 4 საგოლე პასთან ერთად ფლობს და მოსალოდნელია, მისი სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდოს. არადა, კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერს ეწურება და თუ მას გაუმჯობესებული კონტრაქტი არ შესთავაზეს, გუნდს აუცილებლად დატოვებს.
საკმაოდ ნორმალურად თამაშობს ასევე სერბი ნახევარმცველი მილან რადინი, რომელსაც კარგი ხედვა და კარგი პასი აქვს.
მიმდინარე სეზონში “დინამომ” სერბეთიდან საუკეთესო შევსება მიიღო, მაშინ როცა სლოვაკი ფილიპ ორშულა 7 ათასი ევროთი მე-4 ლიგაში თამაშობდა, ჰოლანდიელი როდნი კლოუსტერი კი “დინამოს” შემდეგ კარიერას ასრულებს და ფიტნესის ტრენერი ხდება.