დინამო VS დილა – მატჩამდე
24 ნოემბერს, 18:00 საათზე დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერ ფერებშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში აღზევდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს.
მწვრთნელი და დილა
მიმდინარე სეზონში გუნდმა მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. გიორგი დევდარიანი, რომლის თავკაცობითაც გორის დილამ მიმდინარე საფეხბურთო წელი დაიწყო, გუნდში აღარ მუშაობს. მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს რამაზ სოღოლაშვილი ასრულებს, რომელსაც აქამდეც უმუშავია დილას თავკაცად. ახალ მწვრთნელთან ერთად გუნდმა 5 ოფიციალური მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოგებით, 1 ფრედ და 2 მარცხით დაასრულა.
დინამომდე
მას შემდეგ, რაც გორში დინამოსა და დილას დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ეროვნულ ასპარეზზე 14 ოფიციალური მატჩი (12 უმღლეს ლიგაში, 2 საქართველოს თასის გათამაშებაზე) გამართა. უმაღლეს ლიგაში გამართული 12 მატჩიდან დილამ 5 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, 4 თამაში კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დილას დადებითი აქვს – 16:13. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე გამართული 2 მატჩიდან დილამ პირველი შინ, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ 1:0 მოიგო, საპასუხო შეხვედრაში 1:2 დამარცხდა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გუნდმა მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დილა VS დინამო
ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 50–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 140:23 არის. უკანასკნელად დინამო თბილისი გორის დილას მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში დაუპირისპირდა. მატჩი 17 აგვისტოს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელი მატჩის წინ დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელების მოსაკლისება დინამოს მსგავსად, არც გორის დილას მოუწევს. გუნდები მოახლოებულ მატჩს მაქსიმალურად ოპტიმარული შემადგენლობებით ხვდებიან.
დინამო VS დილა – მსაჯი
ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები შინ, გორის დილას წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ყრუაშვილი შეასრულებს.
დილას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
რევიშვილი – ალადაშვილი, ხიზანეიშვილი, თომაშვილი, კვახაძე – დოლიძე, ფილიევი, მაისურაძე, გორელიშვილი, ბოლქვაძე – მოდებაძე
FCDinamo.GE