დინამო VS გურია – მატჩამდე
საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთის გურიასთან გამართავენ. უამინდობის გამო დინამოსა და გურიას დაპირისპირება დაგეგმილი 4 დეკემბრის ნაცვლად, 5 დეკემბერს გაიმართება. დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთოკლუბის თავდაპირველი სახელწოდება კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხვრებას კიმის ნაცვლად კომეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალას ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის გათამშებაზე პირველმა მიაღწია წარმატებას. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმც აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. გასულ სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
მწვრთნელი და გურია
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ლანჩხუთის გურიას მიმდინარე წლის 23 ივლისს ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში დავით მახარაძე, რომელიც უკრაინელმა სპეციალისტმა – რომან პოკორამ შეცვალა. ლანჩხუთის გურიამ რომან პოკორას თავკაცობით 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 5 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 1 თამაში ფრედ, 3 კი მარცხით.
დინამოდან – დინამომდე
ჩვენი გუნდი ლანჩხუთის გურიას უკანასკნელად მიმდინარე სეზონის მეოთხე ტურში დაუპირისპირდა. 2 სექტემბერს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გურიამ 2:1 მოიგო. მას შემდეგ ლანჩხუთის გურიამ უმაღლეს ლიგაში 10 თამაში გამართა. საიდანაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 6 მატჩი გამარჯვებით, 4 კი მარცხით დაასრულა. უკანასკნელ 10 მატჩში გურიამ მოწინააღმდეგე გუნდის კარში 12 გოლი გაიტანა, 11 კი საკუთარ კარში მიიღო.
დინამო VS გურია
დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 22 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 17 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 67:13 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა. დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2 სექტემბერს ქობულეთში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. გურიას კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაცისს გამო, ხვალინდელ შეხვედრას დინამოდან რუმინელი ლეგიონერი, დორინ გოგა გამოტოვებს, გურიას კი კობა შალამბერიძე დააკლდება.
დინამო VS გურია – მსაჯი
დინამო თბილისისა და გურიას ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე 17:00 საათზე გაიმართება, გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ლ. სილაგავა შეასრულებს.
გურია. სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ბობღიაშვილი – გაჩეჩილაძე, ჩუენსუ, ჩიკვილაძე, ჭეიშვილი – კოშკაძე, ჯოჯუა, ტორონჯაძე, ჯიშკარიანი – ისიანი, ჯოხაძე
FCDinamo.GE