დინამო VS მერანი – ურთიერთშეხვედრები
5 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე გამართავს. თბილისელთა მეტოქე მარტვილის მერანი იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 8–ჯერ შეხვედრიან. დინამომ რვა თამაშიდან 6 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული შეხვედრა მტკვრისპირელი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.
დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 19 დეკემბერს სამტრედიაში გაიმართა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 2:0 დაამარცხეს. გოლები გიორგი მერებაშვილმა და დარკო გლიშიჩმა გაიტანეს.
fcdinamo.ge