დინამო vs სპარტაკი – მატჩამდე
დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. 24 ოქტომბერს თამაში 17.00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.
ჩვენი მეტოქე
ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც 1936 წელს შეიქმნა, არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. ცხინვალის კლუბი, რომელიც სპარტაკის სახელით ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაზე, ამიერკავკასიისა და სხვა და სხვა ზონების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სპარტაკის საუკეთესო სეზონი 1987 წლით თარიღდება – ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საქართველოს საბჭოთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს, სპარტაკმა ფინალურ შეხვედრაში ოზურგეთის მერცხალს 1:0 სძლია. საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთი ჩემპიონატებში ცხინვალის კლუბი თავდაპირველად (1990–2003 წლებში) ლიახვის სახელით ასპარეზობდა, 2003–2007 წლებში გუნდი ცხინვალის სახელით გამოდიოდა. 2007 წლიდან კი გუნდს კვლავ სპარტაკი ეწოდება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ცხინვალის სპარტაკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2009-10 წლების სეზონი გამოდგა, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა.
სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და საშინაო შეხვედრებს ცხინვალის ნაცვლად გორში ატარებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალის სპარტაკი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს.
მწვრთნელი და სპარტაკი
ცხინვალის სპარტაკის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის ნოემბრიდან კახი კაჭარავა მუშაობს. წინა სეზონი გუნდმა 20 ქულით მეათე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე ტურნირში 9 ჩატარებული მატჩიდან ჩვენი მომავალი მეტოქე დაგროვილი 17 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
დინამომდე…
სპარტაკმა მიმდინარე ჩემპიონატი დილასთან 0:2 მარცხით გახსნა, რასაც მერანთან მინიმალური ანგარიშით 1:0 გამარჯვება მოჰყვა. თასის მეთექვსმეტედ ფინალის პირველი შეხვედრა სპარტაკმა საბურთალოსთან დათმო, ანგარიშით 1:2. ამას მოჰყვა გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან 1:0, უგოლო ფრე ქუთაისის ტორპედოსთან და მარცხი სამტრედიასთან 1:3. ორი გამარჯვება ბათუმის დინამოსთან და ზუგდიდთან, შესაბამისად 1:0 და 2:1. თასის საპასუხო შეხვედრაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ საბურთალოს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ფრე 1:1 გურიასთან და ბოლო შეხვედრაში სპარტაკმა ჩიხურას აჯობა 2:1.
დინამო VS სპარტაკი
ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და სპარტაკი ერთმანეთს 17– ჯერ დაუპირისპირდნენ 12 მოგება, 4 ფრე და 1მარცხი. 38 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 10 გოლი – ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.
სპარტაკთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ ერთადერთი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს სპარტაკი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და სპარტაკს შორის 2013 წლის 30 ნოემბერს, პირველობის მეთოთხმეტე ტურში გაიმართა. დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით- 4:0 დასრულდა. ცხინვალის სპარტაკის კარში გოლები პატრიკ ვუომ, ჩისკომ (2) და დორინ გოგამ გაიტანეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრაში გუნდები დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელებს არ მოისაკლისებენ.
დინამო vs სპარტაკი – მსაჯი
საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ.ჭიჭინაძე და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილიდა ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ყრუაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 5 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისი მარტვილის მერანს ფრედ 0:0 დასცილდა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 20 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული- მარკ სტარსი 4:0 ჰერეთი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.
სპარტაკის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით ხვალინდელ დაპირისპირებაში, ცხინვალელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ნადირაძე – კაჭკაჭიშვილი, მახარობლიძე, ჭაფოძე, იოსელიანი – მაისაშვილი, თექთურმანიძე, გიგაური,ივანიშვილი, ლექვთაძე – კაჭარავა
FCDinamo.GE