დინამო vs ვიტ ჯორჯია – მატჩამდე
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 24- ე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. 19 აპრილს დინამო არენაზე მოქმედი ჩემპიონებისა და ვეტერინართა დაპირისპირება 16.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონატში 1997/1998 წლების სეზონში გამოჩნდა. გუნდის სიმბოლიკა ძირითადად მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს მცხეთაში, მცხეთა პარკზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. 1997 წლის მიწურულს შექმნილმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მორკინალი ჩაანაცვლა. ქართულ საფეხბურთო ელიტაში მოხვედრიდან სამი წლის შემდეგ გუნდმა პირველი მედლების მოპოვებაც მოახერხა, გუნდმა 1999/2000 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა და ვეტერინარები ვერცხლის მედლებს დაეპატრონენ. მას შემდეგ 10 წლის განმავლობაში ვიტ ჯორჯია სტაბილურად ახერხებდა ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვებას. ვეტერინარებმა ევროტურნირებზე უკანასკნელად 2010/2011 წლების სეზონში იასპარეზეს. უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზე ჩვენი მომავალი მეტოქე ჩეხურ ბანიკ ოსტრავას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით – 0:6 დამარცხდა. ვიტ ჯორჯიამ ისტორიაში დიდ წარმატებას 2003/2004 წლების სეზონში მიაღწია, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ვეტერინარებმა ანალოგიური შედეგი 2008/2009 წლების სეზონში გაიმეორეს და საქართველოს ჩემპიონის წოდებას მეორედ დაეუფლნენ. 2009/2010 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე იმარჯვა. დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში, რომელსაც 12 000 მაყურებელი ესწრებოდა, ერთმანეთს ჩვენი გუნდი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით – 0:1 წააგეს. 2009 წელს საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამოელთა და ვეტერინართა გზები გადაიკვეთა. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელი დინამო თბილისი ჩემპიონ ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, 15 წუთიან დამატებით ტაიმებში კი ვეტერინარებმა გოლის გატანა შეძლეს.
მწვრთნელი და ვიტ ჯორჯია
ვიტ ჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი 2015 წლის მარტიდან თენგიზ კობიაშვილი გახლავთ. მან ზურაბ ბერიძე ჩაანაცვლა, რომელიც 2012/13 სეზონიდან მუშაობდა ვეტერინარებთან. კლუბს ჩატარებული 23 მატჩიდან 16 ქულა აქვს დაგროვილი და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.
დინამომდე
ზამთრის პაუზის შემდეგ ვიტ ჯორჯიამ თასის მეოთხედფინალით განაახლა მეორე წრე. პირველი სათასო მატჩი სტუმრად ცხინვალთან ვეტერინარების გამარჯვებით 5:4 დასრულდა. ამას მოჰყვა ფრე მარტვილის მერანთან 2:2 და ორი მარცხი- სამტრედიასთან 0:1 და ცხინვალთან 0:1. თასის საპასუხო მატჩი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 1:4 დათმო. ამას მოჰყვა ორი მარცხი ტორპედოსთან 0:1 და ბათუმის დინამოსთან 1:2. შემდეგ ვიტ ჯორჯიამ ორი უპასუხო ბურთით ზუგდიდი დაამარცხა, რასაც ისევ 2 მატჩიანი წაგება მიაყოლა- გურიასთან 1:4 და ჩიხურასთან 1:2.
დინამო VS ვიტ ჯორჯია
ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს (შეიძლება ითქვას, რომ ვიტ ჯორჯია დინამოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა). 50 ჩატარებულ შეხვედრაში 19 მატჩი დინამომ მოიგო, 12 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 19 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის-61/40. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0 კი ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 13 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა.
უკანასკნელი მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის 18 ოქტომბერს მცხეთა პარკზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი 36- ე წუთზე ჩისკო მუნიოსმა გაიტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.
დინამო VS ვიტ ჯორჯია – მსაჯი
საქართველოს ჩემპიონატის 24- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 19 აპრილს თბილისში ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ზ. ერქვანიადა ფ. ჭაავა გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 18 თებერვალს საქართველოს თასის მეოთხედფინალში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორში ადგილობრივ დილასთან 0:0 ითამაშა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ შვიდჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 15 აპრილს პირველ ლიგაში გამართული- ლოკომოტივი 0:1 საბურთალო გახლავთ. ჩატარებულ პაექრობაში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელებს სამჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)
===========================================
უმაღლესი ლიგა – 134 თამაში / 558 ყვითელი / 24 წითელი / 36 პენალტი
პირველი ლიგა – 12 თამაში / 29 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი
მეორე ლიგა – 37 თამაში / 99 ყვითელი / 3 წითელი / 11 პენალტი
საქართველოს თასი – 12 თამაში / 47 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
ვიტ ჯორჯიას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ვიტ ჯორჯიას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
შეროზია – საბაძე, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, თათხაშვილი – დავლაშელიძე, გახარია, მაისურაძე,დემეტრაშვილი – ლობჯანიძე, კურდღელაშვილი
FCDinamo.GE