დინამომ ახალწვეულები წარადგინა
დღეს, “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ჰოლანდიური შეკრებიდან დაბრუნდებულმა თბილისის “დინამომ” კლუბის ხუთი ახალწვეული წარადგინა. თბილისური კლუბის ღირსებას ლაშა თოთაძე, გიორგი ჩიგრაძე, რაფა ჯორდა, რაფა გარსია და რადეკ დოსოუდილი დაიცავენ.
ფეხბურთელებისთვის მაისურების გადაცემის შემდეგ “დინამოს” მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განვლილი მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა.
მიხალ ბილეკი (დინამო): “როგორც მოგეხსენებათ, ბოლო შეკრება ჰოლანდიაში ჩავატარეთ. მოსამზადებელი ეტაპი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე იყო აქცენტირებული, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ 5 ამხანაგური შეხვედრაც ჩავატარეთ. შედეგი ამ მატჩებში ჩვენთვის მეორეხარისხოვანი იყო. შანსი ყველა ფეხბურთელს მიეცა. მთავარი სწორედ მათი კონდიციების ნახვა და ტაქტიკური სქემების დამუშავება იყო. შეკრებიდან ჩამოსვლის შემდეგ გუნდი ერთჯერად დატვირთვებზე გადავიდა.
ალაწვეულებს საკმაოდ კარგად დავახასიათებ. დაცვის ხაზი თოთაძის და დოსოუდილის ხარჯზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მოედნის ცენტრში ესპანელი რაფა გარსიას გაგვაძლიერებს, რომელიც ერთი შეხებით, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და საკმაოდ ძლიერი დარტყმის პატრონიც არის. რაც შეეხება შემტევებს, ჩირგაძის და რაფა ჯორდას სახით ორი აგრესიული ფორვარდი შევიძინეთ.
მოსამზადებელ ეტაპზე დაცვაში საკმაოდ ბევრი შეცდომა იყო, თუმცა ამას ფეხბურთელების ხშირ როტაციას დავაბრალებდი.
ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან რთული მატჩი გველის. ჩვენი ძალა მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.”
ბოლო ერთი სასიამოვნო სიახლეც. 15 ივნისს “დინამოს” აკადემიის ტერიტორიაზე თბილისური კლუბის ოფიციალური ფანშოპი გაიხსნება, სადაც “დინამოს” გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის ატრიბუტიკის შეძენის საშუალება ექნებათ. მომავალში დიდი მაღაზიის გახსნა თბილისის ცენტრშიც იგეგმება.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები