“დინამომ” “საბურთალო” 93-ე წუთზე დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაშია
ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” “საბურთალო” ლევან შენგელიას მიერ 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
მატჩი ძალიან დაძაბული, თუმცა ნაკლებად საინტერესო სანახავი გამოდგა. მთელი თამაშის განმავლობაში “დინამოს” მეკარე, სტეფან სიკაჩი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაგი მარგველაშვილის დამატებულს ხელი ვერ შეუშალა და “საბურთალო” წინ გავიდა.
“დინამოს” მწვრთნელმა კახი კაჭარავამ 56-ე წუთზე მათე ვაწაძე შემოიყვანა, რომელმაც 2 წუთში ახლო მანძილიდან თავით კარგად დაარტყა, კუპატაძემ მოგერიება შეძლო, თუმცა გადმოვარდნილ ბურთს პირველი რეხვიაშვილი შეეფეთა და ანგარიში ავტოგოლით გათანაბრდა.
დარჩენილო დრო გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ბევრისთვის გასაკვირად, “საბურთალოს” მენტორმა გია ჭიაბრიშვილმა შეხვედრის მოგება განიძრახა და მოედანზე ტატანაშვილი და თარგამაძე შემოიყვანა. 91-ე წუთზე გაგი მარგველაშვილი თოთაძემ საჯარიმოში წააქცია და დიდი ალბათობით, ეს პენალტიც იყო, მაგრამ მსაჯმა მომენტს ყურადღება არ მიაქცია. ზუსტად 2 წუთში, “დინამო” კვლავ კონტრშეტევაზე გადავიდა, შენგელიამ ლაკვეხელიანი ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით კუპატაძეს შანსი არ დაუტოვა. 2-1 და “დინამო” კვლავ საჩემპიონო ბრბოლაშია. გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულას და “თეთრების” მიერ 1-ით მეტ ჩატარებულ მატჩს უდრის.
დინამო 2-1 საბურთალო
გოლები: მარგველაშვილი 46, რეხვიაშვილი 58 (ავტოგოლი), შენგელია 93
დინამო: სიკაჩი, კობოური (ივანიშვილი 76) თოთაძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია (ვაწაძე 56), შულაია, ქარდავა, ზივზივაძე (ქოჩლაძე 66)
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხველიანი, გორგიაშვილი, ტერა (ტატანაშვილი 79), დიასამიძე (ალთუნაიშვილი 66), გონსალვეში, კოხრეიძე (თარგამაძე 73), ვოლკოვი
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი