“დინამოს” სათასო რევანში
სათასო დაპირისპირებების უკანასკნელი შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს კვლავ “დინამო” და “მეტალურგი” დაუპირისპირდნენ.
დღევანდელი შეხვედრა ჩემპიონატის მატჩისგან განსხვავებული გამოვიდა. ორბურთიანი უპირატესობის მქონე მასპინძლებმა საკმაოდ კარგი, სწრაფი და ლამაზი ფეხბურთით მოახერხეს მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხება. “მეტალურგი” კი 3 დღის წინ მოთამაშე გუნდ აღარ გავდა…
ანგარიში მატჩის დებიუტში გაიხსნა. მე-3 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული სწრაფი შეტევის შემდეგ საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გორგიაშვილი აღმოჩნდა და “დინამოს” რიგებში სადებიუტო გოლიც გაიტანა – 1:0.
მასპინძელთა შეტევები ამის შემდეგაც გრძელდებოდა. მე-15 წუთზე მეკარესთან პირისპირ მარცვალაძე აღმოჩნდა. ბედიაშვილმა ოთარს არ გაატანინა, თუმცა რუსთაველთა კიპერმა შემტევი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა. ოთარ ხეცაძემ “მეტალურგის” კარში პენალტი დანიშნა, ბედიაშვილი კი გააფრთხილა. მერებაშვილმა წერტილიდან ზუსტად დაარტყა – 2:0.
დინამოელები არც ამის შემდეგ გაჩერებულან. “მეტალურგს” სახიფათო მომენტი ფაქტობრივად არ შეუქმნია, მასპინძლებმა კი 39-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. რეხვიაშვილის შესანიშნავ გადაცემას საჯარიმო მოედანში ჩისკო გამოეხმაურა და ეფექტური დარტყმით დალაშქრა “მეტალურგის” კარი.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით დაიწყო. დინამოელებმა კვლავ შესძლეს სწრაფი გოლის გატანა. 47-ე წუთზე ჩისკოს შესანიშნავ გადაცემას დარკო გლიშიჩი გამოეხმაურა და აუღელვებლად გაიტანა ბედიაშვილის კარი.
ამის შემდეგ კი რუსთაველების ჯერიც დადგა. 53-ე წუთზე გოგინაშვილის გარღვევას მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. გველესიანმა უხერხულად მოიგერიებული ბურთი კი მცირე მანძილით ასცდა ლორიას კარს.
სტუმრებმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს. 59-ე წუთზე ჩიმაკაძემ საბოლო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
დინამო: ლორია, გორგიაშვილი, მერებაშვილი, ხურცილავა, პაპავა, მარცვალაძე, რეხვიაშვილი, ჩისკო (მოდებაძ 71′), გველესიანი, გლიშიჩი, ძარია (გოგა 63′).
მეტალურგი: ბედიაშვილი, მიქაბერიძე (ვასაძე 60′), ჩიმაკაძე, ექვთიმიშვილი, საჯაია, კაკაშვილი (გოგინაშვილი 46′), ლომაია, დობროვოლსკი, ქავთარაძე, მახვილაძე, ცნობილაძე.
გოლები: გორგიაშვილი 3′ (1:0); მერებაშვილი 15′ (2:0); ჩისკო 39′ (3:0); გლიშიჩი 47′ (4:0); ჩიმაკაძე 59′ (4:1);
მატჩის შემდეგ
ვარლამ კილასონია: მივულოცავ “დინამოს” დამსახურებულ გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ. საშინაო თამაშის წაგების შემდეგ ვიცოდით, რომ დღესაც რთული მატჩი გვექნებოდა. ბიჭებს არ სჯეროდათ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო. ალბათ ეს ჩემი ბრალიც არის. პირველ ტაიმში შეინიშნებოდა მოტივაციის ნაკლებობაც. ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ ექსვეულში შესვლით სეზონის დაამთავრეს, რაც არ უნდა იყოს მათთვის დამაკმაყოფილებელი. ამას “მეტალურგში” არსებული ფინანსური პრობელმებიც ემატება, რაც მძიმე საერთო სურათს ქმნის.
მალხაზ ჟვანია: მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას. ძალიან კარგი და სასიხარულოა, რომ ჩემპიონატის მატჩის შემდეგ მოვახერხეთ შეცდომების გამოსწორება. მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ.
ფოტო: fcdinamo.ge