„დნიპრომ“ „შახტარი“ კანკავას გარეშე დაამარცხა
უკრაინის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში დნეპროპეტროვსკის „დნიპრომ“ დონეცკის „შახტარი“ მიიღო, რომელსაც მიმდინარე კვირას უკვე მეორედ შეხვდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მირონ მარკევიჩმა ამ შეხვედრაზე მეორე შემადგენლობა გამოიყვანა, რამდენიმე დღეში გუნდს ევროპის ლიგის ფინალი ელის, შესაბამისად, დასვენების საშუალება ჯაბა კანკავასაც მიეცა.
მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. უკვე მე-7 წუთზე სტუმრები ტეიშეირას გოლით დაწინაურდნენ. 22-ე წუთზე „დნიპრომ“ წონასწორობა მათეუსის გოლით აღადგინა, თუმცა ხუთ წუთში ტეიშეირამ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა.
მეორე ნახევარში „დნიპრომ“ გამარჯვება მაინც შეძლო. 64-ე წუთზე ანგარიში ბეზუსმა გაათანაბრა, 81-ე წუთზე კი თავისი გუნდი ლუჩკევიჩმა დააწინაურა.
საბოლოოდ, „დნიპრომ“ 53 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „შახტარს“ ახლა ორი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კანკავას გუნდს მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ დარჩა.
„დნიპრო“ – „შახტარი“ – 3:2
გოლები: მათეუსი 22′, ბეზუსი 64′, ლუჩკევიჩი 81′ – ტეიშეირა 7′, 27′