დონარუმა, დიდი ალბათობით, კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
გავლენიანი უცხოური გამოცემა ESPN ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი.
როგორც იცით, “პსჟ”-ს სპორტული დირექტორი, ლეონარდო, კარგად იცნობს ახალგაზრდა მეკარეს. ისინი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე თანამშრომლობდნენ “მილანში” მუშაობისას.
პარიზული გრანდი ადრეც ცდილობდა დონარუმას გადაბირებას. 2019 წელს “პსჟ”-მ “მილანს” 20 მილიონი ევრო შესთავაზა 21 წლის მეკარის ტრანსფერში, თუმცა უარი მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ დონარუმა და “როსონერი” კვლავაც ვერ ახერხებენ ახალი კონტრაქტის შეთანხმებას, საფრანგეთის ჩემპიონის შანსები იზრდება.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დონარუმასა და რაიოლას “მილანის” მიერ შემოთავაზებული ხელფასი არ აკმაყოფილებთ. ისინი ხელფასის 7.5 მილიონიდან 10 მილიონამდე გაზრდას ითხოვენ.