დონარუმა “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ: “შეუძლებელია, ყოველთვის ისინი!” (ვიდეო)
10 მარტს, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მთავარმა არბიტრმა შეხვედრის ძირითად დროს ოთხი წუთი დაამატა. მიუხედავად ამისა, თამაში კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდა. 95-ე წუთზე დავიდე მასამ “როსონერის” საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი 97-ე წუთზე ზუსტად პაულო დიბალამ შეასრულა.
ცხადია, “მილანის” ფეხბურთელები მსაჯობით უკმაყოფილოები იყვნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოედანზე სიტუაციაც დაიძაბა. გასახდელში მიმავალმა დონარუმამ კი ასეთი სიტყვები წარმოთქვა: “შეუძლებელია, ყოველთვის ისინი!”
შეგახსენებთ, რომ მილანელებს მსაჯების მიმართ პრეტენზია “იუვენტუსთან” ჩატარებულ წინა მატჩებშიც გამოუთქვამთ. რამდენიმე წლის წინ კი, “შავ-წითლებს” არბიტრმა ბუფონის კარში მუნტარის მიერ გატანილი გოლი არ ჩაუთვალა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.