დონარუმასთვის ბრძოლაში ესპანური გრანდი ჩაერთო
“მილანის” კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ კარიერა შესაძლოა, ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს. Football Italia-ს თანახმად, 22 წლის იტალიელი მეკარისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” აქტიურად ჩაერთო.
დონარუმასა და “მილანს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 30 ივნისს გაუვა. მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შევიდა, “მილანი” კი უკვე ახალი მეკარის ძიებაშია.
ჯიჯი დონარუმას მომსახურებით ტურინის “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული, მაგრამ “ბარსელონამ” იტალიელ კიპერს უფრო ხელსაყრელი ფინანსური პირობები შესთავაზა – 10 მილიონი ევრო სეზონში.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” აღზრდილი გახლავთ. ის “როსონერის” პირველ გუნდში 2015 წლიდან გამოდის. მან გასულ სეზონში ჩატარებულ 48 მატჩში 54 ბურთი გაუშვა, 15 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.