“დორტმუნდის” ავტობუსთან მომხდარი აფეთქების ფაქტზე რუსი წარმომავლობის პირს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სასამართლომ რუსი წარმომავლობის გერმანიის მოქალაქე სერგეი ვენერგოლდი 28 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ სცნო და მას 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2017 წლის 11 აპრილს დორტმუნდის “ბორუსიას” ავტობუსთან სამი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი საკუთარი ბაზიდან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მონაკოსთან” გასამართი მატჩისთვის სტადიონისკენ გადაადგილებას იწყებდა. აფეთქების შედეგად ხელი დაიშავა გერმანული გუნდის აწ უკვე ყოფილმა მცველმა მარკ ბარტრამ, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის მოედანს ერთი თვის შემდეგ დაუბრუნდა. მცირეოდენ დაზიანდა კლუბის ავტობუსიც.
სერგეი ვენერგოლდი “ბორუსიას” აქციებზე ფასების ვარდნით დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობდა. ის იმედოვნებდა, რომ ფაქტის ორგანიზატორად ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” გამოაცხადებდნენ.
ბრალდების მხარე მისთვის სასჯელის სახედ სამუდამო პატიმრობას მოითხოვდა.