დრამა თბილისში: “დინამომ” “სამტრედიასთან” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, თუმცა მაინც მოიგო! (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.
თბილისში, “დინამო არენაზე” ცენტრალური მატჩი შედგა. ერთმანეთს ადგილობრივი “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. კახა კაჭარავას შეგირდებს თავიდანვე რამდენიმე მომენტი შეექმნათ. საბოლოოდ, ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა შეძლო. ზუსტად 12 წუთში ლუკა ლოჩოშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ნახევარში “დინამო” შედარებით მოდუნდა, “სამტრედია” კი არ დანებდა. ამან ლოგიკური შედეგი გამოიღო: ჯერ 63-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო 76-ეზე კი სამტრედიელთა კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტი მომენტი შეხვედრის მესამე დამატებით წუთზე მოხდა – ბაჩანა არაბულმა თავური დარტყმით, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაუშვა ბურთი და გამარჯვების გოლი გაიტანა!
ამ მატჩის მოგების შემდეგ “დინამო” ჩემპიონატს 31 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლები 24 ქულით მესამე საფეხურზე არიან.