დრამატული დაპირისპირება “სანტიაგო ბერნაბეუზე”
“სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც დრამატული სცენარით წარიმართა და “ბებერ სინიორას” სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა. “ბიანკონერი” შეხვედრის მეორე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა დააწინაურა. ხორვატმა თავდამსხმელმა 37-ე წუთზე იტალიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მე-60 წუთზე კეილორ ნავასის მიერ დაშვებული უხეში შეცდომით ბლეზ მატუიდმა ისარგებლა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეჰდი ბენატიამ საკუთარ საჯარიმო მოედანზე თამაშის წესი დაარღვია და მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, გაცხარების გამო კი ჯანლუიჯი ბუფონს წითელი ბარათი უჩვენა. თერთმეტმეტრიანი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიყენა და “რეალს” ნახევარფინალის საგზური მოუპოვა.
“რეალი” ნახევარფინალში მეტოქის ვინაობას პარასკევს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“რეალი” — “იუვენტუსი” 1:3 (0:2; ორი მატჩის ჯამში 4:3)
გოლები: რონალდუ 90+8′ — მანჯუკიჩი 2′, 37′, მატუიდი 60′.
გაძევება: ბუფონი 90+3′.