დრის მერტენსი “ინტერში” მიდის, ლუკაკუ მილანში სხვა თანამემამულეებსაც უხმობს
“ნაპოლის” თავდამსხმელი დრის მერტენსი მომავალი სეზონიდან, სავარაუდოდ, მილანის “ინტერის” ღირსებას დაიცავს.
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, 33 წლის ბელგიელი ფეხბურთელით ლონდონის “ჩელსიც” არის დაინტერესებული, თუმცა თავად მერტენსს “ინტერში” გადასვლა ურჩევნია. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამემამულე რომელუ ლუკაკუს მილანში საცხოვრებელი ბინის პოვნა სთხოვა. როგორც ჩანს, “ინტერი” ლუკაკუს კონტაქტებს კარგად იყენებს. კერძოდ, არაერთი წყარო იუწყება იმის შესახებ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი “ნერაძურის” რიგებში თანამემამულეებს – იან ვერტონგენსა (“ტოტენჰემ ჰოთსპური”) და ტომა მენიეს (“პარი სენ-ჟერმენი”) უხმობს. ცნობისთვის, ორივე მათგანს კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრება.
შეგახსენებთ, რომ დრის მერტენსს “ნაპოლისთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. შესაბამისად, “ინტერს” მისი დამატება უსასყიდლოდ შეეძლება.
დრის მერტენსმა ამ სეზონში “ნაპოლის” რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.