დროგბა და მოურინიო – ისევ ერთად
დიდიე დროგბას “ჩელსიში” დაბრუნების შემდეგ ლონდონელთა შეტევის ხაზში ცვლილებებია მოსალოდნელი.
დროგბას ლონდონში დაბრუნებასათან დაკავშირებით ხმები მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა. ბრიტანელი ჟურნალისტების თქმით თურქეთიდან წამოსულ ფორვარდთან მოლაპარაკები საკმოად დიდხანს მიმდინარეობდა. 36 წლის ფორვარდი “გალათასარაიში” წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენს გადაუხდის “ჩელსი” აფრიკელს. დიდი ალბათობით, ეს თურქულ ანაზღაურებაზე ნაკლები თანხა იქნება. ცნობილია, რომ კონტრაქტი ერთწლიანია, რაც ორივე მხარეს აწყობს. დიდიეს ევროპული კაიერის გახანგრძლივების და ტიტულის მოგების შესანიშნავი შანსი მიეცა.
დროგბას დაბრუნებამ “ჩელსის” ფანებიც ძალიან გაახარა. 2012 წელს გულშემატკივრებმა კოტ-დივუარელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ასეთი გადაწყვეტილება 20 000 გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად იქნა მიღებული. ლონდონში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა სწორედ გულშემატკივრების ფაქტორს გაუსვა ხაზი და რა თქმა უნდა არც ჟოზე მოურინიო დავიწყებია.
“ასეთ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. ჟოზესთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ყველამ იცის, თუ რა ურთიერთობა მაკავშირებს ამ კლუბთან, ეს ჩემი მეორე სახლია” – განაცხადა დროგბამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ფორვარდისადმი ქების სიტყვები არც მოურინიომ დაიშურა და განაცხადა, რომ დროგბა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.
ბუნებრივია, რომ “ჩელსის” ტრანსფერებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ჟოზე მოურინიოა. მისი დადებითი პასუხის გარეშე ახალი ფეხბურთელის შეძენა ფაქტობრივად გამორიცხულია.
რაში სჭირდება მოურინიოს დროგბა? გასულ სეზონში “ჩელსის” დამრიგებელი შემტევების თამაშით უკმაყოფილო იყო, რაც გარკვეულწილად მისი ბრალიც იყო, როდესაც ლუკაკუ “ევეროტნში” გაუშვა. დანარჩენ ფორვარდებთან შედარებით გამორჩეული იყო ეტო’ო, მაგრამ მოურინიოსთან ასაკთან დაკავშირებული ცნობილი კონფლიქტის შემდეგ საბოლოოდ კამერუნელმა “ჩელსი” დატოვა.
ნათელია, რომ დროგბა მომდევნო სეზონში ძირითადის მოთამაშე არ იქნება. ამ როლის შესრულება სოლიდურ თანხად შეძენილ დიეგო კოსტას მოუწევს. მისგან სასწაულებს ელიან, დიდიე კი ფორსმაჟორულ ვითარებაში სათადარიგოთა სკამიდან გააძლიერებს “ჩელსის” შეტევებს.
რა თქმა უნდა, დროგბას სასტარტოშიც მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. სეზონი საკმაოდ გრძელია, “ჩელსი” კი რამდენიმე ფრონტზე აპირებს წარმატების მიღწევას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – “ჩელსის” რომელუ ლუკაკუ დაუბრუნდა, რომელიც დროგბასგან ბევრ რამეს ისწავლის. თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, მოურინიომ, შესაძლოა, ბელგიელი კვლავ გაანათხოვროს. აქტუალურია ტორესის გასხვისების საკითხიც, რომლის დაბრუნებას მადრიდის “ატლეტიკო” ლამობს.
ერთი სიტყვით, “ჩელსი” ან ტორესს ან ლუკაკუს შეელევა. ყველაფერი მოურინიოს გადასაწყვეტი იქნება. როგორც ჩანს, პორტუგალიელი ჯერჯერობით საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა. მანამდე კი, “ჩელსის” ფანები ახალი სეზონის და დროგბას “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნების მოლოდინში არიან.