დროგბა: “იბრაჰიმოვიჩი ძალიან შეიცვალა”
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პარიზელთა ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.
“იბრაჰიმოვიჩი ძალიან შეიცვალა. მან გააცნობიერა, რომ გუნდისთვის უნდა ითამაშოს. მე მომწონს მისი სათამაშო სტილი, მომწონს მისი აგრესიულობაც. ბევრ რამეში ერთმანეთს ვგავართ კიდეც.
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ “პარი სენ-ჟერმენი” შესუსტებულია. სულაც არა. ისინი დამდეგი მატჩისთვის ემზადებიან და ჩვენთან საბრძოლველად მზად იქნებიან”, – ციტირებს დროგბას სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის პირველი მატჩი დღეს, პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს. წყვილის განმეორებით შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უმასპინძლებს.