დროგბას ბედს აბრამოვიჩი გადაწყვეტს
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ დიდიე დროგბას მომავალს კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი გადაწყვეტს.
37 წლის კოტ დივუარელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ სათამაშო კარიერას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს, თუმცა ფეხბურთელს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს ამ სიტუაციაში ჩარევას და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხს პირადად აბრამოვიჩი მოაგვარებს.
დროგბას სამი ვარიანტი აქვს: “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმება ან სხვა გუნდში გადასვლა. გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან ერთად აბრამოვიჩიც მიიღებს.
“აბრამოვიჩთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.
ეს კლუბის საშინაო საქმეა, რომელიც მისტერ აბრამოვიჩმა უნდა გადაწყვიტოს. მას სურს, რომ დიდიე საკუთარი სურვილის მიხედვით მოიქცეს, თუმცა აბრამოვიჩმა მას ეს უნდა უთხრას.
ცხადია, რომ დროგბა უკვე შევიდა კლუბის ისტორიაში. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – მოურინიოს კომენტარი ბრიტანულმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა.