დუბლიორთა ფრე უხვგოლიან შეხვედრაში
2014 წლის 1 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, რობაქიძე, მოსიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გოგავა, მაკარიძე, ბუბულაშვილი, გოცაძე, ჩუბინიძე (ჩიტორელიძე, 71), კანდელაკი (გეწაძე, 88), მიქელთაძე.
“ზესტაფონის” და ბათუმის “დინამოს” მეორე გუნდების დღევანდელი დაპირისპირება საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, თანაც უხვგოლიანიც გამოდგა. სათამაშო და ანგარიშში უპირატესობა ხან ერთ, ხანაც მეორე მხარეს გადადიოდა და საბოლოოდ საქმე კანონზომიერი ფრით დასრულდა.
ანგარიში 10-ე წუთზე გაიხსნა – ზესტაფონელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდება დემურ კანდელაკმა გააკეთა, გზად ბურთი აჭარელთა მცველ გიორგი შაფათავას შეეხო და კარის ბადეში შეგორდა. 29-ე წუთზე, იმერელთა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, დინამოელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – საგოლე შეხება ვალერიან თევდორაძის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმის დებიუტში წინ უკვე სტუმრები გავიდნენ – 53-ე წუთზე მიზანს დიმიტრი პაჭკორიას ულამაზესმა შორეულმა დარტყმამ მიაღწია. მოვლენათა ასეთ განვითარებას მასპინძლებიც არ შეურიგდნენ და ბექა მიქელთაძის მიერ სამწუთიან მონაკვეთში (57-ე და 59-ე წუთები) შესრულებული დუბლის წყალობით ისევ დაწინაურდნენ.
66-ე წუთზე ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა – ამჯერად დუბლი ვალერიან თევდორაძემ შეასრულა. 84-ე წუთზე წინ აჭარელი ფეხბურთელები გავიდნენ – გოლი იური ოლიფერენკოს ანგარიშზეა. მატჩის გადასარჩენად ბრძოლა უკვე ზესტაფონელებს მოუხდათ და მიზანს მათ შეხვედრის ბოლო, 90-ე წუთზე მიაღწიეს – სტუმართა საჯარიმოში ბექა მიქელთაძის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარალებულმა აქცია. საბრძოლო ფრე – 4-4.
FCZestafoni.GE