დუბლიორთა ტურნირის ოცდამეხუთე ტური
2014 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. გორის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”დილას” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, გელაშვილი, გაგოშიძე, მოსიძე (ახალაძე, 55), აჯურუ, ჭანკოტაძე, კაკუშაძე (კვარაცხელია, 83), სარდალიშვილი, მიქელთაძე (მაკარიძე, 79), კანდელაკი (მარგველაშვილი, 46).
“დილას” დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ნახევარი სტუმართა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანასთან ახლოს მიხეილ სარდალიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ჭანკოტაძე და ბექა კაკუშაძე იყვნენ, მაგრამ იმერლებმა ანგარიშის გახსნა ვერაფრით მოახერხეს და ტაიმიც უგოლოდ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ზესტაფონელთა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. სტუმრები გამუდმებით უტევდნენ გორელთა კარს და ანგარიშში დაწინაურების რამდენიმე რეალური შანსი გაატანეს ქარს… შედეგად, მომენტების განიავების გამო ზესტაფონელები 77-ე წუთზე დაისაჯნენ – შეხვედრის მეორე ნახევარში “დილას” მიერ განხორციელებული პირველივე შეტევა დასრულდა კახაბერ მეშველიანის კარში დანიშნული 11-მეტრიანით, რომელიც გოლად ნოდარ ნოზაძემ აქცია. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, გორელთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური