დუდუ დადიანის მემორიალი საერთაშორისო იქნება
ქართული საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 2 ოქტომბერს აიღებს, ხოლო ფინალი 6 ოქტომბერს გაიმართება.
მემორიალური ტურნირი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩაზე) ჩატარდება და მასში მონაწილეობას 7 გუნდი მიიღებს. დუდუ დადიანის მემორიალს წლეულს საერთაშორისო სტატუსი ექნება, რადგან მასში მონაწილეობას უცხოური გუნდი მიიღებს. დადიანის მემორიალში საასპარეზოდ თბილისში ყაზახური „ბარსი“ ჩამოვა, რომელმაც გასულ სეზონში ყაზახეთის რანგით მეორე დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა.
დუდუ დადიანის მემორიალის მონაწილე 7 გუნდი 2 ჯგუფში განაწილდა. ა ჯგუფში თავი მოიყარეს დინამომ, სოხუმმა, მგზავრები-არმიამ და ყაზახურმა ბარსიმ, ხოლო „ბ“ ჯგუფი შეადგინეს ქუთაისმა, ოლიმპმა და აკადემიამ, რომელიც პირველი ლიგის გუნდ არენასთან გაერთიანდა და დადიანის მემორიალზე აკადემიის სახელით გამოდის.
ჯგუფებში ერთი წრე გაიმართება, რის შემდეგაც პირველ ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.
superleague.ge